გრიპის ვირუსი

ტიკარაძე: ვაქცინაცია მუშაობს, მაგრამ გრიპზე აცრებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს

ჯანდაცვის სამინისტრო

"ვწუხვარ, თუ გუშინდელმა განცხადებამ საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა
გამოიწვია" - ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის უშუალოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გულისხმობდა. მინისტრის აზრით, საქართველოში გრიპის გავრცელების მხრივ არსებული ეპიდსიტუაცია არ მოითხოვს მოსახლეობის სავალდებულო იმუნიზაციას. ეკატერინე ტიკარაძემ 25 დეკემბერს თქვა, რომ ვაქცინა არ არის პანაცეა. მისი აზრით, საჭირო არ არის სავალდებულო ვაქცინაცია გრიპის ვირუსზე.

"მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ გრიპზე ვაქცინაცია ატარებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და ნაჩვენებია იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დგანან ინფიცირების რისკის წინაშე. ამ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ქრონიკული დაავადების მქონე 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა, ორსულები და მოხუცთა მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები“" - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

ეკატერინე ტიკარაძის თქმითვე, "გრიპზე ვაქცინაცია სავალდებულო არ არის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა ეპიდემიების და პანდემიების შემთხვევებისა, როცა ეროვნული უწყებები ან სახელმწიფოები არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით იღებენ მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის გადაწყვეტილებას".

"ვწუხვარ, თუ გუშინდელმა განცხადებამ საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ვაქცინაცია მუშაობს! იმუნიზაციის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არის უმაღლესი მნიშვნელობის და მისი ეფექტურობა ეჭვს გარეშეა. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და მიჰყვნენ აცრების ეროვნულ კალენდარს. სახელმწიფო კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის უსაფრთხო და მაღალეფექტური ვაქცინების უწყვეტ მიწოდებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები