თურქეთი

თურქეთში, ვანის ტბაში ნავის გადაბრუნების შედეგად 7 მიგრანტი დაიღუპა

GETTY IMAGES

თურქეთში ვანის ტბაში ნავი გადაბრუნდა, რომელშიც პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან წამოსული მიგრანტები იყვნენ. დაიღუპა სულ მცირე 7 ადამიანი.

მაშველებმა 64 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ისინი საავადმყოფოებში და თავშესაფრებში გადაიყვანეს.

ვანი ტბა ირანის საზღვართან მდებარეობს და ირანიდან მომავალი მიგრანტები თურქეთში ხშირად სწორედ ამ გზით გადადიან, თუმცა ტბა მთლიანად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და უცნობია, რატომ იმყოფებოდნენ მიგრანტები ნავში.

თურქეთში გასულ წელს უშიშროების ძალებმა 440,000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი დააკავეს.

მიმდინარე კვირას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ სირიის იდლიბის პროვინციიდან ასადის რეჟიმისა და რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო თურქეთის საზღვრისაკენ 80,000-ზე მეტი ადამიანი დაიძრა. მისივე თქმით თურქეთს მიგრანტების ახალ ნაკადთან გამკლავება არ შეუძლია და ახალ ნაკადს ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს.

კომენტარები