ილია ჯიშკარიანის საქმე

ძალადობის და სექსუალური ხასიათის ქმედებაზე ჯიშკარიანის პროცესები იანვარში გაგრძელდება

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობისა და სექსუალური ხასიათის ქმედების საქმეზე საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის პროცესი გაიმართა.

დაზარალებული თამთა თოდაძე სხდომას არ დასწრებია.

დღევანდელ პროცესზე ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა თქვა, რომ მსხვერპლი არა თამთა თოდაძე, არამედ ილია ჯიშკარიანია, ვინაიდან მას ფსიქოლოგიური ზიანი მიადგა.

თავად ილია ჯიშკარიანმა კი კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ბრალდებას არ ეთანხმება და დანაშაულს არ აღიარებს.

პროცესზე კუბლაშვილმა ფსიქოლოგიური, ასევე ლინგვისტური ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულება თამთა თოდაძის ჩვენებაა, მის მიერ წარმოდგენილი დასკვნით კი დასტურდება, რომ თოდაძის და მისი დედის ჩვენები იდენტურია და ის გამომძიებლის მითითებით არის დაწერილი. შესაბამისად, მისი თქმით, თოდაძის ჩვენება მოსამართლემ არ უნდა მიიღოს. 

"ცნობილია, რომ ბრალდების მხარე დაეყრდნო ერთადერთ მტკიცებულებას, თამთა თოდაძის ჩვენებას, აღნიშნული ჩვენება გახლავთ არასარწმუნო. პირდაპირ წერია დასკვნაში, რომ კოპირების გზით არის შესრულებული ერთი ადამიანის მიერ, გამომძიებელი უთითებდა, დაამძიმა და აქედან გამომდინარე წარუდგინეს ბრალი ილია ჯიშკარიანს. სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს ეს მტკიცებულება", - ამბობს კუბლაშვილი. 

თამთა თოდაძის ადვოკატი კი ამბობს, კუბლაშვილის ეს დასკვნა არაფერზე მიუთითებს, ვინაიდან ერთ ოჯახში მცხოვრები ადამიანები, ამ შემთხვევაში თამთა თოდაძე და მის დედა, ერთი და იმავე ლექსიკით საუბრობენ და ეს ბუნებრივია. 

"მე არ ვიცი, რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში, მაგრამ თუ წერია, რომ ჩვენებები მსგავსია - ექსპერტიზის დასკვნებში ერთი და იმავე ოჯახის წევრების ლინგვისტური მონათხრობი არის მსგავსი. ეს მტკიცებულება საქმის არსს არ ცვლის. მნიშვნელოვანია, რა ჩვენებებს მისცემს თამთა თოდაძე და მისი დედა სასამართლოში. მნიშვნელოვანია მოწმეების ჩვენებები პროცესზე", - თქვა თამთა ლუკავამ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ საქმეში, თოდაძის ჩვენების გარდა, სხვა არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც ჯიშკარიანის დანაშაულს ამტკიცებს.

პროკურორის, თამარ იაკობიძის თქმით, საქმის არსებითი განხილვის პროცესებზე მოწმეები დაიკითხებიან, ასევე, სასამართლო გაეცნობა მტკიცებულებებს, რომლითაც ჯიშკარიანის ბრალეულობა დადასტურდება. 

"იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მოწმის ჩვენებას სასამართლოსთვის მხოლოდ მაშინ ექნება მტკიცებულებითი ძალა, როცა მოხდება საქმის არსებითი განხილვის დროს მათი სასამართლო პროცესზე დაკითხვა, დაველოდებით საქმის არსებითი განხილვის პროცესებს. 

რა თქმა უნდა, ბრალდების მხარეს აქვს მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, საუბარია კომპლექსურად ყველა მტკიცებულებაზე: დაზარალებულის ჩვენებაზე, ექსპერტიზის დასკვნაზე. ზოგიერთ დასკვნას კიდევ ველოდებით, მათ შორის, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა იქნება ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება,ასევე ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც დაზარალებულის გადაადგილებას ასახავს, პატრულის სამხრე კამერების ვიდეო ჩანაწერები და ა.შ", - თქვა მან. 

წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც მტკიცებულებების დასაშვებობას ეხებოდა, მოსამართლემ ილია ჯიშკარიანის ადვოკატის 22 მტკიცებულება დაუშვებლად ცნო.

ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმავე დღეს მიმართა.

მიუხედავად ამისა, პროკურატურამ ჯიშკარიანი ბრალდებულად, თოდაძე კი დაზარალებულად პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ ცნო, როცა საქმე საჯარო გახდა და სხვადასხვა მედიაში გაშუქდა.

11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი.

ჯიშკარიანის საქმის განხილვა სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევით 14 იანვარს, 16:00 საათზე განახლდება. 

კომენტარები