იაპონია - ჩინეთი

იაპონია ჩინეთს: აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში სტაბილურობის გარეშე ურთიერთობა არ გაუმჯობესდება

სინძო აბე და ლი ქეციანგი
mainchi

იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ ჩინეთში, ჩენგტუში ვიზიტის დროს ჩინეთის პრემიერს ლი ქეციანგს უთხრა, რომ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში სტაბილურობის გარეშე ორმხრივი ურთიერთობები რეალურად არ გაუმჯობესდება.

აბემ ლის ასევე მოუწოდა, რომ იაპონურ საკვებ პროდუქტზე იმპორტის შეზღუდვები მოეხსნა.

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში იაპონიასა და ჩინეთს შორის ტერიტორიული დავები წლებია მიმდინარეობს.

ზღვაში არსებულ კუნძულებს იაპონია სენკაკუს, ხოლო ჩინეთი ტიაოიუს უწოდებს. ამ ტერიტორიას 1895 წლიდან იაპონია აკონტროლებს (მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გარდა, როდესაც მას აშშ აკონტროლებდა). ჩინეთმა ამ კუნძულებზე დავა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო და ირწმუნება, რომ ისტორიულად ეს ტერიტორიები მათ ეკუთვნით. დავაში მცირედით სამხრეთ კორეაც არის ჩართული.

სადავო ტერიტორიას ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეზერვებია, ზღვა ასევე მდიდარია თევზეულით და აქვეა მსოფლიოში მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები. 

ტერიტორიებზე დავის პარალელურად ორივე ქვეყნის სამხედრო შეიარაღება სულ უფრო უმჯობესდება. ზღვაში ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, მსოფლიოს მეორე და მესამე ეკონომიკის ქვეყნებს შორის დავა რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთის საპატრულო გემები რამდენჯერმე იაპონიის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ. ივნისში იაპონიამ სენკაუს კუნძულებთან ჩინეთის კვლევით გემთან საეჭვო სამხედრო აქტივობა შენიშნა.

ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო ძლიერი მოთამაშე ხდება, მის გავლენას მეზობლებზე აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში იყენებს. 

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ აზიის წყლებში საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ნავიგაციის თავისუფლებას იცავს, პეკინი მას უთანხმოების გამოწვევაში ადანაშაულებს. სამხრეთ ჩინეთის ზღვა მდიდარია რესურსებით და ამ ზღვაში უამრავი სავაჭრო გემი გადის, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილია. სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ჩინეთი ტაივანს, ვიეტნამს, ბრუნეის, მალაიზიას და ფილიპინებს ედავება, სადაც ჩინეთს სამხედრო უპირატესობა აქვს.

კომენტარები