სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

ვოლსკი: ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც წერია სახ. დეპ-ის განცხადებაში

ტაბულა

ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც რეალურად წერია სახ. დეპარტამენტის განცხადებაში - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაჟინებულ მოწოდებას, უზრუნველყოს მთავრობამ პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. ვოლსკი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ მიესალმება საქართველოში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას და ამასთანავე, მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს და არა ქუჩის აქციებისკენ.

"პროკურატურის და სასამართლოს მიმართ გაგრძელდეს რეფორმები - გაგრძელდეს თემა, ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ. პროკურატურაც, სასამართლოც და ნებისმიერი სახელმწიფო უწყების საქმიანობა უნდა დაიხვეწოს, გაგრძელდეს. განსაკუთრებით საინტერესოა პროკურატურის საქმიანობა. ნდობის თემა საზოგადოებაში პროკურატურას მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს, მაგრამ ახლა მას ეს ნდობა აქვს გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ჰქონდა 2012- მდე და ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის გადაფარვა არის მთავარი ამოცანა, რომელსაც დღეს ემსახურება პროპაგანდა, მათ შორის გარკვეული მედიასაშუალებების გამოყენებით, ეს არის სამწუხაროდ"- ამბობს ვოლსკი. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პროკურატურისა და სასამართლოს თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია ნათქვამი. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.

"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან" - წერია განცხადებაში. 

კომენტარები