სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

გოცირიძე სახ. დეპ-ის განცხადებაზე: პირდაპირ წერია, ქვეყანაში მართლმსაჯულება მიკერძოებულია

ტაბულა

"პირდაპირაა აღნიშნული, რომ საქართველოში მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა და პროკურატურა არის მიკერძოებული, გამოიყენება პოლიტიკური რეპრესიებისთვის", - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

გოცირიძის შეფასებით, აღნიშნული განცხადება "საკმაოდ მძიმე ფორმის" მოწოდებაა ქართული ოცნებისთვის და მასში ფაქტობრივად აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედებს "პოლიციური რეჟიმი" და მიმდინარეობს ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს პროკურატურისა და სასამართლოს თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია ნათქვამი.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.

"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან", - წერია განცხადებაში. 

კომენტარები