სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

კობახიძე: სახ. დეპ-ის განცხადებაში პოლიტიკურ პროკურატურაზე და სასამართლოზე საუბარი არაა

ტაბულა

"არც დაჟინებაზე არ არის საუბარი და არც დაუჟინებელ მოთხოვნაზე," - ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრობს, და ამბობს, რომ ოპონენეტები ამ განცხადებას არასწორად თარგმნიან და სინამდვილეში მათაც იცია, რომ ეს მხარდამჭერი განცხადებაა. კობახიძე ამბობს, რომ განცხადებაში პოლიტიკურ პროკურატურაზე და სასამართლოზე საუბარი არ არის. 

"აქ არის საუბარი, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, იმისათვის, რომ არ იყოს არანაირად უზრუნველყოფილი მიკერძოება პროკურატურის და სასამართლოსი. არც იმაზეა საუბარი, რომ დღეს არის მიკერძოებული პროკურატურა ან სასამართლო, არც სხვა რამეზეა საუბარი, არც დაჟინებაზე არ არის საუბარი და არც დაუჟინებელ მოთხოვნაზე. ვისაც შეუძლია კითხვა და მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ოპონენტებსაც შეუძლიათ ამ განცხადების სწორად წაკითხვა, უბრალოდ სხვანაირად წარმოაჩენენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს განცხადება არის რეალურად მხარდამჭერი განცხადება," - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, დაინახა თუ არა კრიტიკა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, ირაკლი კობახიძე პასუხობს -  "მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ გაძლიერდეს ძალისხმევა სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერებისათვის, ეს არ არის კრიტიკა. ეს არის ის რაზეც ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ."

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პროკურატურისა და სასამართლოს თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია ნათქვამი. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.

"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. " -  წერია განცხადებაში. 

კომენტარები