ლარის კურსი

ლარი დოლართან 1.97 თეთრით გამყარდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის ცნობით, 23 დეკემბრის სავალუტო აუქციონის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.

დოლართან ლარი 1.97 თეთრით გამყარდა და ოფიციალური კურსი 2.8760 იქნება.

ევროსთან ლარი 2.97 თეთრით გამყარდა და ოფიციალური კურსით ერთი ევრო 3.1889 ლარი ეღირება.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოსდევს - უწყებამ 11 დეკემბერს ბოლო ოთხ თვეში მეოთხედ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი. 

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

რეფინანსირების განაკვეთი კი ის პროცენტია, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ.

ამასთან, კომერციული ბანკები მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთს უზრდიან. ბოლო მონაცემებით, 111 ათასზე მეტი სესხია მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე.

შედეგად, მცირდება ფულის მასა ბაზარზე, რაც ხელს უწყობს ინფლაციის შემცირებასა და ეროვნული ვალუტის გამყარებას, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი აქვს ეკონომიკურ ზრდაზე.

კომენტარები