სამთავრობო პროპაგანდა

ზალკალიანი: FAKE NEWS-ებით ხდებოდა პირიქით, ხელისუფლების დაბულინგება და დაშანტაჟება

მარშალპრესი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი Facebook-ის მიერ გაუქმებული გვერდების ხელისუფლებასთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ ხშირად ყალბი ინფორმაციით ხელისუფლებას აშანტაჟებდნენ და აბულინგებდნენ.

"მე თვითონ და უამრავი ჩემი კოლეგა მომსწრე ვართ იმისა, რომ FAKE NEWS-ებით ხდებოდა პირიქით, ხელისუფლების დაბულინგება და დაშანტაჟება [...] ობიექტური უნდა იყო, ეს მათი ვარაუდია, მე არ ვადასტურებ ვარაუდს. არ გაუქმებულა არც ერთი ის ექაუნთი, საიდანაც ხდებოდა ხელისუფლების ან ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ყალბი ინფორმაციის გავრცელება",-ამბობს ზალკალიანი იმედის ეთერში.  

ზალკალიანის თქმით, FAKE NEWS-ების წინააღმდეგ ბრძოლა საკანონმდებლო დონეზეა საჭირო.

"ხელისუფლებას არაერთხელ გამოუხატავს პოზიცია, რომ აუცილებლად არის საჭირო საკანონმდებლო დონეზე ინიციატივები და მზაობაც არის გამოთქმული, რომ ოპონენტებიც იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში.",-ამბობს ის.

ასევე, ზალკალიანმა Facebook-ის მიერ გაუქმებულ გვერდებზე საუბრისას თქვა, რომ ამ სოციალურ ქსელისთვის რეპუტაციული პრობლემები არახალია. მისივე თქმით, ქართული ოცნება საზოგადოებასთან მხოლოდ ოფიციალური საიტებით ახდენს კომუნიკაციას. 

Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები. 

რას ამბობენ მმართველი პარტიის წევრები პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლური ფეისბუქ გვერდების წაშლაზე, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები