15 წლის მოზარდის გარდაცვალება

"გაბედე ბრძოლა სიცოცხლისთვის"-აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

Interpressnews

"გაბედე ბრძოლა სიცოცხლისთვის"-სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. 

აქტივისტებმა საპროტესტო აქცია წუთიერი დუმილით დაიწყეს და გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს, ლუკა სირაძეს, პატივი მიაგეს.

"გაბედეს" წევრთა მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა და ლუკა სირაძის გამოკითხვაში მონაწილე ყველა პირის დასჯაა. მათი ინფორმაციით, ამ მოთხოვნებით მომავალში არაერთი აქცია გაიმართება.

აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ თოკებით "ძირს სისტემა" დაწერეს და ცეცხლი მოუკიდეს.  

საპროტესტო აქციები თბილისსა და რეგიონებში მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 დეკემბერს ლუკა სირაძე, 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სცადა, გარდაიცვალა. 

ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ჩოლოიანი, რომელსაც ბრალი საავადმყოფოში წარუდგინეს, უარყოფს, რომ მოზარდს ჩვენების მიცემას აიძულებდა. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორმა დაადასტურა, რომ ჩოლოიანი სირაძეს დედის გარეშე 20 წუთის განმავლობაში კითხავდა და ემუქრებოდა.

ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 17 დეკემბერს კი გარდაიცვალა. ამავე დღეს სახელმწიფო ინსპექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს, რომელიც დიღმის პოლიციაში მოზარდს 6 საათი კითხავდა და ემუქრებოდა. 

მოზარდს "მწვანე სკოლაში" კედლებზე წარწერების გაკეთებაში სდებდნენ ბრალს. მათ შორის იყო წარწერა "ამ ცხოვრების დედაც". სწორედ ეს სიტყვები დაწერეს თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა უწყებების წინ გამართულ აქციებზე.

თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ საია-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ განყოფილებაში მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. საია-ს ინფორმაციით, მას სთხოვდნენ, "დანაშაული" ეღიარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. საია-ს ინფორმაციით, მოზარდი გარკვეული დროით გამომძიებელთან მარტო, მშობლის გარეშეც დარჩა. 

შსს თავიდან უარყოფდა, რომ მოზარდი დედის გარეშე გამოიკითხა. შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა დაადასტურა, რომ მოზარდი დედის გარეშე გამომძიებელთან 3-4 წუთის განმავლობაში დარჩა, რადგან "დედასთან მოუვიდა უთანხმოება". საბოლოოდ, სახელმწიფო ინსპექტორმა დაადასტურა, რომ სირაძე მარტო გამომძებელთან 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.  

ასევე, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩოლოიანმა გამოკითხვისას მოზარდები ერთმანეთს დაუპირისპირა, რითაც არასრულწლოვნებმა სტრესი განიცადეს.  

ცნობილია ისიც, რომ გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა კიდევ ერთმა მოზარდმა.

კომენტარები