15 წლის მოზარდის გარდაცვალება

"ოცნება" მოზარდის საქმეში "პოლიტიკური თემის შემოტანაზე", საზოგადოების, სკოლის როლზე საუბრობს

15 წლის მოზარდის საქმეში, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მე-9 სართულიდან გადმოხტა, ხელისუფლება "პოლიტიკური თემის შემოტანას" ხედავს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარებას თავს არიდებენ. "ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენელი კი საზოგადოებისა და სკოლის როლზე საუბრობს.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა მოზარდის გარდაცვალებიდან მეორე დღეს გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში აღნიშნა, რომ "უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის" ჩადენა დადასტურდება.

გიორგი გახარიას არ უსაუბრია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ როგორც გარდაცვლილი ბიჭის დედა, ასევე, ოჯახის ადვოკატი სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე მიუთითებენ, ქვეყნის პრემიერმინისტრმა პასუხისმგებლობა მთელ საზოგადოებას დააკისრა და განცხადებაში აღნიშნა, რომ "ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ".

გიორგი გახარიამ შსს-ს დაავალა, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, თუმცა არ აუხსნია, რატომ არაა ასეთი გარემო ახლა და ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა. განსაკუთრებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელშიც ოპოზიციის ხელმძღვანელობით საპარლამენტო კომისიამ საგამოძიებო სისტემაში ამ მხრივ არსებული არაერთი მწვავე სისტემური პრობლემაც გამოავლინა.

განცხადების დასასრულს, ქვეყნის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ "მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა." თუმცა, გაურკვეველია, ვინ იყო მისი განცხადების ადრესატი.

"როცა ბავშვი იღუპება, მე მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ, ჩვენ ყველანი", - ეს განცხადება უკვე თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ტრადიციული განცხადების დროს მან ისაუბრა თანაგრძნობის და სიყვარულის დაკარგვაზე, მოზარდებში აგრესიასა და სიძულვილზე, თუმცა არაფერი უთქვამს სამართალდამცველების პასუხისმგებლობაზე. კალაძის თქმით, "ოჯახი, სკოლა და ასევე სახელმწიფოც ერთნაირადაა პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე". კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ლუკა სირაძე გარდატეხის ასაკში იყო და "რატომღაც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს".

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე კი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად, "იკვეთება კითხვის ნიშნების სკოლასთან და იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით". სოფო კილაძემ ეს განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, თუმცა არ მიუთითებია, რა კითხვები აქვს სკოლასთან, რაც არასრულწლოვნების ინტერესით ახსნა.

ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ ხდება ისრების გადატანა სკოლაზე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასე უპასუხა:

"მე პირველ რიგში ვთქვი სამართალდამცველები, ხო? სკოლა ხომ არ მითქვამს? მე ვთქვი სამართალდამცველები, რომლებსაც აქვთ თავიანთი პასუხისმგებლობა, მაგრამ სკოლასაც. თქვენ თუ გინდათ მითხრათ, რომ სკოლას და სოციუმს, რომელშიც ბავშვი არის, არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, ამაში ვერ დაგეთანხმებით და არ იქნება სწორი".

პრემიერმინისტრის მსგავსად, სოფიო კილაძეც მიიჩნევს, რომ "ვიღაცების მხრიდან ამ უდიდესი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება" ხდება და ეს "არაადამიანობად" მიაჩნია.

ანრი ოხანაშვილის აზრით კი, სისტემურ დანაშაულზე და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი, "ტრაგიკული შემთხვევით საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედება" უსინდისობაა. ის ამბობს, რომ "უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი პირველ რიგში პოლიციის იმ თანამშრომლებმა, ვისაც ევალებოდა კონკრეტული საკითხის გარკვევა, ვინც, შესაძლოა ჩაიდინა დანაშაული".

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თუ დამატებით ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება, ყველამ, მათ შორის სკოლამ, კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. 

----

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა. მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ. ოჯახის ცნობით, ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ცნობით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

საიას ინფორმაციით, მოზარდს ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო თავად მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. საია-ს ინფორმაციითვე, მოზარდი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ მოზარდზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის დაკითხვის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პირის იძულებას მისცეს ჩვენება, მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით. პარალელურად, გამოძიება მიდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. 

გარდა ამისა, დღეს, 18 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ დაადასტურა, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითდაზიანებები კიდევ ერთმა, 15 წლის მოზარდმა მიიყენა.

თავის მხრივ, მწვანე სკოლის დირექტორი მედიასთან ყვება: 

"დაგვხვდა აჭრელებული კედლები, ინვენტარი, მთელი სკოლის ფართობზე. რამდენიმე კამერას ჩავხედეთ, მივხვდით, რომ უცნობი პირი იყო. ვნახეთ, რომ უცნობი პირი ღამის ათის ნახევარზე გადმოხტა ეზოში, ასე მოხვდა სკოლის შენობაში და მან ქნა ეს ამბავი. მაგრამ იდენტიფიცირებადი არ იყო.

ჩვენ წინაშე იდგა ამოცანა, მოგვეხდინა ბავშვების ევაკუაცია. ასეთი სტანდარტი აქვს სკოლას - როცა უცნობი პირია სკოლაში, ეს შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. ამ გადმოსახედიდან ლაპარაკი შეიძლება ცოტა უკონტექსტოდ ჟღერს. მაგრამ ჩვენი ვალდებულება იყო, დაგვერეკა 112-ში.

დირექტორის მონათხრობი წაიკითხეთ ვრცლად.

კომენტარები