ვაჟა გაფრინდაშვილი

ბრიტანეთის ელჩი ოკუპირებულ ცხინვალს და რუსეთს: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ გაფრინდაშვილი

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი-სმითმა რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე, რომელსაც გუშინ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა, განცხადება გაავრცელა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტლ რეჟმს და რუსეთს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა:

"ამ რთულ დროს, ჩემი მხარდაჭერა ექიმ გაფრინდაშვილს და მის ოჯახს. ექიმების გამომწყვდევა, როდესაც ისინი პაციენტებს სჭირდებათ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ და მათმა რუსმა მხარდამჭერებმა, იგი დაუყონებლივ უნდა გაანთავისუფლონ," - წერს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი-სმითი თავის Twitter-ის გვერდზე.

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს და რუსეთს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს საქართველოში აშშ-ის საელჩომ, ევროკავშირმა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინსტრმა ლინას ლინკევიჩუსმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩუსმა

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გატაცების შემდეგ ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები