საშობაო ფილმები

რამდენიმე ფილმი საშობაო განწყობის შესაქმნელად

ტაბულა

შობა ჯადოსნური დროა. დროა ოჯახისა, თავგადასავლების, პატიების, სიყვარულის, სასწაულებისა და, რა თქმა უნდა, ფილმების. თუ ჯერ-ჯერობით სადღესასწაულო განწყობა არ გწვევიათ, ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე ფილმი, რომელიც წელიწადის ამ დროს მოუხდება და გაგახალისებთ

1) Meet Me in St Louis (1944)

მართალია, ჯუდი გარლანდი ფილმის გადაღების დროს ცხოვრების საკმაოდ რთულ პერიოდს გადიოდა, ადიქციასა და მენტალურ პრობლემებს ებრძოდა, ფილმი მაინც საშობაო განწყობითა და სითბოთია გაჟღენთილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სურათმა მსოფლიოს საკულტო სიმღერა “Have Yourself a Merry Little Christmas”  აჩუქა.


ფოტო: IMDB

2) Love Actually (2003)

ბევრი არაჩვეულებრივი მსახიობი, შობა, თავგადასავლები და რაც მთავარია - სიყვარული, სიყვარული და კიდევ ერთხელ სიყვარული! ბოლო წლების განმავლობაში გადაღებულ ფილმებს შორის, არ არსებობს უფრო ცნობილი და საყვარელი რომანტიული კომედია შობაზე.


ფოტო: IMDB

3) Home Alone (1990) / Home Alone 2

მაკალისტერების უმცროსი ვაჟის შობა ნამდვილად არ ჰგავდა სხვა ბავშვების შობას, თუმცა ბიჭმა მარტომაც საკმაოდ კარგად და საინტერესოდ გაატარა არდადეგები, თანაც ორი უნიათო ქურდიც გამოიჭირა. კევინ მაკალისტერი ერთხელ სახლში დარჩათ, მეორედ კი ნიუ-იორკში სრულიად მარტო აღმოჩნდა. ორივეჯერ მშვენივრად გაიტანა თავი და არც საშობაო განწყობა დაუკარგავს. 


ფოტო: IMDB

4) ჰარი პოტერის ნებისმიერი ნაწილი

ის, ვისაც ჰარი პოტერის ჯადოსნურ განზომილებაში უმოგზაურია და იცის ჰოგვორთსისთვის შობა რამდენად მნიშვნელოვანი დღესასწაულია, დაგვეთანხმება, რომ ჰარი პოტერის ნებისმიერი ნაწილი იდეალური არჩევანია, თუ საშობაო განწყობა სადმე დაიკარგა და თქვენთან მოსვლას იგვიანებს. მფრინავი სანთლები, უზარმაზარი ნაძვის ხე, რომელიც ჰაგრიდს მოაქვს და შემდეგ სკოლის პროფესორები ჯადოსნური ჯოხების დახმარებით რთავენ, უგემრიელესი კერძები და ჰარის თავგადასავლები ნამდვილად საშობაო საჩუქარია.


ფოტო: mrt

5) It’s a Wonderful Life (1946)

საშობაო კლასიკის გადასამეორებლად დეკემბრის მეორე ნახევარი საუკეთესო დროა. ეს არის სევდიან მოტივებზე აგებული კეთილი, სახალისო, თბილი, ლამაზი და ამაღელვებელი ისტორია, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს და რამდენჯერაც არ უნდა გვქონდეს ნანახი ფილმი, პერსონაჟების გასაჭირსა და ბედნიერებას მათთან ერთად განვიცდით.  


ფოტო: IMDB

კომენტარები