ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა

ვაშაძე: მმართველი გუნდის წინადადება აბსოლუტურად მიუღებელია

გრიგოლ ვაშაძე

"მმართველმა გუნდა მოიტანა წინადადება, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. არ მესმის ამ წინადადების მოტანის აზრი, თუ არა ჩვენი მედიატორების თვალში გამოჩენა, რომ მზად ვართ კომპრომატისთვის", - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ.

როგორც ვაშაძე განმარტავს, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ წინადადებაში, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს სისტემით - 50 მაჟორიტარი - 100 დეპუტატი კი პროპორციული წესით, იგულისხმება არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნების ამ სისტემით ჩატარება, არამედ "დანარჩენი არჩევნების უსასრულობამდე".

ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას შესთავაზა პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ. ეს წინადადება ქართულმა ოცნებამ დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე წარადგინა.

ცნობისთვის, მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 კი მაჟორიტარია.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე იმსჯელებენ, რაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელის ერთერთი კომპონენტია.

მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის მთავარი თემა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყო, რომლის განხილვაც მხარეებს წინა რაუნდზე დიპლომატიურმა კორპუსმა შესთავაზა. მესამე რაუნდამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლება აცხადებდა, რომ შეთავაზებული წინადადება კონსტიტუციას შეესაბამებოდა და საკითხს გუნდში განიხილავდნენ, თუმცა, 15 დეკემბრის შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრები მრავალმანდატიანი ოლქების უსამართლობაზე ალაპარაკდნენ.

რას ნიშნავს მრავალმაჟორიტარიანი ოლქები და რით განსხვავდება არსებულისგან, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები