კრიმინალი

"გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები, თავში 4 ჭრილობა" - გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს, ცოტნე გამსახურდიას მრავლობითი დაზიანებები აქვს. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა "სერიოზული და მძიმეა". დაჭრილს გულ-მკერდის არეში ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ახლა კი, ტომოგრაფიისთვის ამზადებენ, რათა ნეიროქირურგმა მკურნალობის ტაქტიკა გადაწყვიტოს.

"დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი, ამ მიდამოში აღნიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობით. გარდა ამისა, აღენიშნება ზურგის, მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა და თავის, თხემის მიდამოში ოთხი ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობა" - თქვა ექიმმა.

ქირურგის ინფორმაციით, კომპიუტერულ ტომოგრაფიას ცოტნე გამსახურდიას თავის ქალაზე ჩაუტარებენ.

"ვნახავთ დაზიანების ხარისხს და ნეიროქირურგი გადაწყვეტს ტაქტიკას - საჭირო იქნება დამატებით ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება თუ არა. მდგომარეობა სერიოზულია, მძიმეა. პოლიტრავმა - ეს უკვე მძიმე პათოლოგიაა, ცხოვრებისთვის საშიში დაზიანებაა, როგორ განვითარდება შემდგომი ტაქტიკა და საჭირო გახდება თუ არა დამატებითი ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიური ოპერაციები, ამას გვაჩვენებს კვლევები" - ამბობს ხეჩინაშვილის კლინიკის ქირურგი.

ცოტნე გამსახურდია რამდენიმე საათის წინ, თავის სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. შსს-მ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები