ბესელია მოზარდზე: მისი პოლიციაში და გამომძიებლებთან დაკითხვის ფაქტი აბსოლუტურად უკანონოა

ეკა ბესელია
ტაბულა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე საუბრობს, რომელმაც დაკითხვის დროს გამომძიებლების მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი მოიკლა. 

ბესელია ამბობს, რომ როდესაც არასრულწლოვან პირს საგამოძიებო ორგანოში მოწმის საკითხს კითხავენ, აუცილებელია, ამ პროცესს ესწრებოდეს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, ანუ მშობელი, ფსიქოლოგი და ადვოკატი. 

"ეს არის ის გარანტირებული უფლება, რომლითაც უნდა ისარგებლოს არასრულწლოვანმა,"- ამბობს ბესელია. 

დეპუტატი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნის ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გამო ადვოკატის აყვანა არ შეუძლია, ამისთვის მას კანონი აძლევს საშუალებას, რომ მიიღოს უფასო იურიდიული დახამრება. 

"ეს ყველაფერი იმიტომ ჩაიწერა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რომ გამორიცხულიყო რაიმე ტიპის ისეთი დასჯა, რომელიც ბავშვის ფსიქიკაში, მისი განსაკუთრებით ემოციური მდგომაროებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ასაკობრივ პერიოდს უკავშირდება, არ მოხდეს რაიმე უხეში ჩარევა და ზედმეტი სტრესის მიყენება,"- ამბობს ბესელია. 

დეპუტატის თქმით, მთავარი კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით ისაა, თუ რატომ აღმოჩნდა მოზარდი საგამოძიებო ორგანოში, როდესაც საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტს ეხხებოდა, რადგან კედელზე წარწერის გაკეთება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. 

"არც იყო გამოძიება დაწყებული ამიტომ, თავისთავად ფაქტი მისი პოლიციაში და გამომძიებლებთან დაკითხვა, არის აბსოლუტურად უკანონო,"- ამბობს ბესელია. 

კითხვაზე, სად დაუშვა სისტემამ მთავარი შეცდომა, ბესელია პასუხობს, რომ 15 წლის მოზარდის საქმე სისტემასთან მარცხს ააშკარავს, რაშიც მისივე განმარტებით, გულისხმობს იმას, რომ არსებული სისტემა, რომელშიც გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები ერთ დიდ უსამართლობის ჯაჭვს ქმნიდნენ, შენარჩუნდა. 

"ეს სისტემა მიმართული იყო და დღეს დარჩა ეს ტენდენცია, ადამიანის წინააღმდეგ და არა მის დასაცავად. ეს არის ერთი ჯაჭვი უსამართლობის,"- ამბობს ეკა ბესელია. 

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სირაძემ ყოფილი სასწავლებლის "მწვანე სკოლის" კედლებზე რამდენიმე წარწერა გააკეთა, მათ შორის "ამ ცხოვრების დედაც". 

საია-ს ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რაიმე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ.

თუმცა, მოზარდის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ საათში დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება მას ჩვენების მიცემის იძულებას ედავება. 

კომენტარები