მოზარდის თვითმკვლელობა

ლომჯარია: სახეზეა ნიშნები, რომ დარღვეული იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა

სახალხო დამცველის აპარატი

"სახეზეა ნიშნები, რომ დარღვეული იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა," - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას შეხვდა. ომბუდსმენის თქმით, არის ნიშნების, რომ არასრუწლოვნებზე ნამდვილად იყო ზეწოლა და იძულება ჩვენების მიცემისას. 

"ასევე საეჭვო არის გამოკითხვის ხანგრძლივობა, სავარაუდოდ ღამის საათებშიც ჩატარდა, რაც ასევე არღვევს კანონმდებლობას. არ მინდა დეტალებში შევიდე, თუმცა მთელი რიგი გარემოებებია, რაც ნამდვილად მიანიშნებს, რომ იქ არ იყო შექმნილი ფსიქოლოგიური ძალადობისა თუ იძულებისაგან თავისუფალი გარემო. არასრულწლოვნების შეპირისპირებაც მოხდა, მათი ჩვენებების, რაც დამატებით იყო სტრესი და ფსიქოლოგიური იძულება, - ამბობს ლომჯარია. 

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იმავე დღეს, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლელობა მისმა ერთ-ერთმა თანატოლმაც სცადა. ინფორმაცია ლონდა თოლორაიამ დაადასტურა. თუმცა, დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

15 წლის ლუკა სირაძემ თავისი ყოფილი სასწავლებლის, "მწვანე სკოლის" კედლებზე "უცენზურო" წარწერები გააკეთა. 

საია-ს ინფორმაციით, მოზარდს გამომძიებელი "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რამე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, 17 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება ჩოლოიანს სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას - ჩვენების მიცემის იძულებას ედავება.

კომენტარები