ახალი წელი 2020

მერია: წლევანდელი სლოგანია არა "სიცოცხლით სავსე ქალაქი", არამედ "ისტორიებით სავსე თბილისი"

ტაბულა

თბილისის მერიის ცნობით, წლევანდელი საახალწლო სლოგანი არა "სიცოცხლით სავსე ქალაქი", არამედ, "ისტორიებით სავსე თბილისია". ამის შესახებ მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი წერს.

"მეგობრებო, ვწერ მედიის საყურადღებოდ - შეცდომაში არ შეგიყვანონ ვაიპოლიტიკოსებმა. მიზანმიმართული ტყუილი და ცილისწამებაა, თითქოს ამ წუთებში თავისუფლებაზე მონტაჟდება საახალწლო განათება, წარწერით - "სიცოცხლით სავსე ქალაქი". წლევანდელი საახალწლო სლოგანი არის "ისტორიებით სავსე თბილისი", რომლის მონტაჟი დაიწყო რამდენიმე დღის წინ და უკვე დასრულებულია.

მესმის, რთული და მძიმე ემოციებით სავსე დღეებია ყველასთვის, მაგრამ არსებობს მორალი, ზნეობა, პასუხისმგებლობა, ვალდებულება იგივე ჩვენი შვილების წინაშე, მათი მომავლის წინაშე და არ გვაქვს უფლება მავანთა პოლიტიკურ ინტერესებს თვალი დავუხუჭოთ" - წერს თოქმაჯიშვილი.

აღსანიშნავია, რომ წელს, თბილისის მერიამ ჯამში 2.8 მილიონ ლარამდე დახარჯა ნაძვის ხესა და განათებებში. მერია 1 250 000 ლარს უხდის კომპანია IDO SRL-ს ქუჩების გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებში. ამის გარდა, მერიამ დამატებით 455 000-ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა იგივე კომპანიას სხვა განათებებსა და ნათურებში.

ნაძვის ხეში კი, ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი იხარჯება - ნაძვის ხის ღირებულება 305 ათასი ევროა.

IDO SRL იტალიური კომპანიაა და ერთადერთია, რომელიც ტენდერებში მონაწილეობდა.

კომენტარები