15 წლის მოზარდის გარდაცვალება

მწვანე სკოლის დირექტორი არ უარყოფს, რომ შსს სხვა მოზარდის სუიციდის მცდელობასაც იძიებს

ფორმულა

მწვანე სკოლის დირექტორი არ უარყოფს, რომ შსს სხვა მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობასაც იძიებს. 

კახა დავითურის თქმით, გოგო, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, სუიციდი სცადა, საავადმყოფოში არ იმყოფება. მისივე თქმით, კლინიკაში არ არის სკოლის არც ერთი მოსწავლე. 

თუმცა, მისივე თქმით, პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე"იყო უამრავი ბავშვი" და ემოციურად ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

"ეს საკითხი და კიდევ სხვა დეტალები, არის გამოძიების თემა. მიცემულია უამრავი ჩვენება ამასთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით, არც საავადმყოფოშია არავინ, არც არაფერი", - თქვა დავითურმა.

15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იმავე დღეს, მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ თქვა, გამომძიებელი სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

კომენტარები