15 წლის მოზარდის გარდაცვალება

ომბუდსმენი მოზარდის გარდაცვალებაზე: კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე

ტაბულა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი მონიტორინგს გაუწევს, როგორც მიმდინარე გამოძიების პროცესს ასევე შეაფასებს, "რატომ არ იყო გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით".

"15 წლის არასრულწლოვანი გარდაიცვალა... ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას... ეს შემთხვევა მთლიანად საზოგადოების ტრაგედიაა, რადგან კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატს დაწყებული აქვს საქმის მრავალმხრივი შესწავლა. ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს"- წერს ლომჯარია. 

15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, დღეს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

დღეს, მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ თქვა, გამომძიებელი სსსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერდა, გამოკითხვის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციის ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. 

საიას ცნობით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა. მოზარდს "მწვანე სკოლის" შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე კითხავდნენ. მთავარი არხის ინფორმაციით, ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

როგორც საია წერს, გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

საიას ინფორმაციით, მოზარდი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მათი ინფორმაციით, ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. საია-ს ინფორმაციითვე, მოზარდი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, რომელსაც აწარმოებს სწორედ ის განყოფილება, სადაც საია-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანზე ხორციელდებოდა ძალადობა და იძულება.

კომენტარები