საქართველო-აშშ

ზალკალიანი კონგრესმენების წერილზე: ვაშინგტონამდე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის

მარშალპრესი

"საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ვაშინგტონამდე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა. გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილში ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მოლაპარაკებებს და მიიღებს საარჩევნო რეფორმას.

"ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების რეაგირება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მათი რჩევები ჩენთვის არის მნიშვნელოვანი და ფასეული, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ვაშინგტონამდე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან იყოს სწორი კომუნიკაცია, მათ მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია.

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა ამ განცხადებით არ კნინდება, პირიქით, ჩვენ გვაქვს მყარი მხარდაჭერა ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების, ისე აღმასრულებელ დონეზე, როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ვაშინგტონთან.

ჩვენ გვექნება მათთან შესაბამისი კომუნიკაცია, მიეწოდებათ ყველა ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან, მესმის, რომ ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე, ამიტომ აუცილებელია, მათ ჰქონდათ ზუსტი, ადეკვატური შეფასების საშუალება. ჩვენს ურთიერთობას ერთი წუთითაც არ მიადგება არანაირი ჩრდილი" - ამბობს ზალკალიანი.

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ გიორგი გახარიას წერილით 16 დეკემბერს მიმართა. წერილის თანაავტორი კიდევ ერთი კონგრესმენი, ჯერი კონოლია. გახარიასთვის გაგზავნილ წერილში კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ მიიღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. 

კონგრესმენები გახარიას, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც მიმართავენ. მათი თქმით, ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან. კინზინგერი და კონოლი ამბობენ, რომ თავზარდამცემია საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად, დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ.

კომენტარები