ქართული ოცნება

კაკულია: ოცნებამ ნახევარი ავტორიტეტი შეალია იმას, რომ ბოკერია დროზე არ დააკავა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია
parliament.ge

ქართული ოცნების წევრი, რომან კაკულია ტვ პირველის ეთერში ევროპული საქართველოს პოლიტიკური მდივნის, გიგა ბოკერიას გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა. გიგა ბოკერია ექვსი წლის წინანდელ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს. 

კაკულიას თქმით, ქართულმა ოცნებამ ავტორიტეტისა და მხარდამჭერების ნახევარი იმიტომ დაკარგა, რომ ბოკერიას და მისნაირი ადამიანების მიმართ სამართლებრივი შედეგი დროზე არ დააყენა.

"თემა ის არის, რომ თუ ბატონ ბოკერიაზე ზეწოლა იყო მიზანი, მთელი რვა წელი საზოგადოება ამას ითხოვდა და ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. ავტორიტეტის ნახევარი შეალია ამის არ გაკეთებას. მხარდამჭერების ნახევარი დაკარგა სწორედ იმიტომ, რომ ბოკერიას და მსგავსი ადამიანების მიმართ არ დააყენა შედეგი. იმ დროსაც კი როდესაც მტკიცებულებების სამართლიანობას არავინ მოიკითხავდა", — განაცხადა რომან კაკულიამ. 

კაკულიას თქმით, ოცნების შეცდომაა, რომ გარკვეული ადამიანების მიმართ სამართლებრივი შედეგის დაყენება წლების წინ შეეძლო და ეს არ გააკეთა. კაკულია ამბობს, რომ ამ უმოქმედობის შედეგს ეხლა არამხოლოდ ოცნება, არამედ მთელი საზოგადოება იმკის. 

კაკულია ამბობს, რომ რახან ბოკერია თავის დროზე არ დააკავეს, ეს ხელისუფლების თვითმიზანი არ არის და საქმის განახლება ახალ გარემოებებთან არის დაკავშირებული. 

ევროპული საქართველოს ლიდერი პროკურატურამ 6 წლის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე 15 დეკემბერს დაიბარა. პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიებას აქვს კითხვები ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. 

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული. 

"საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნავდა, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის ძველ პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები