გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია გამოკითხვაზე დაიბარეს

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია გამოკითხვაზე დაიბარეს.

"მივიღე სმს, ვესაუბრე გამომძიებელს, დამიბარეს დაკითხვაზე, საქმეზე, რომელზეც, თუ არ ვცდები, 2014 წლიდან არ დავუკითხივართ", - ამბობს გიგა ბოკერია ტაბულასთან საუბარში.

როგორც იგი განმარტავს, გამოკითხვა ეხება უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიებას, რომლის მდივანიც გიგა ბოკერია იყო.

"ჩემი უფლებაა, რომ მაგისტრი მოსამართლის მიერ ვიყო დაკითხული, ამიტომ ვაპირებ, რომ ამ უფლებით ვისარგებლო, ბევრად უფრო გამჭვირვალე რომ იყოს ეს ყველაფერი", - ამბობს ბოკერია.

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული. 

"საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნავდა, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული

ცნობისთვის, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის ძველ პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები