გიორგი გახარია

გახარია: ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად

ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ყველას არ გვილხინს, მაგრამ...არასოდეს გვქონია ევროპასთან ისე ახლო ურთიერთობა, როგორც დღეს. ჩვენ გვაქვს უახლოესი ურთიერთობა ევროპასთან ეკონომიკურ კონტექსტში. დღეს თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში და ეს ყველაფერი მოხდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ თითოეულმა ამასთან ერთად უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გველის წინ, იმით, რაც კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან ერთად, ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ევროპა არის საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. ყველას კარგად გვესმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არიან ბევრი ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ევროპულ გზას, მიუხედავად იმისა, რომ უსამართლობაა, ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით, დღეს იყოს ასეთ მდგომარეობაში, მიუხედავად ამისა, ჩვენ ამას გავუძლებთ, გავაგრძელებთ გზას წინ და ჩვენი გზა იქნება საბოლოო გამარჯვება ევროპის ფარგლებში.

მაგრამ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული, უნდა ვიცოდეთ საიდან მოვდივართ. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ევროპული გზა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი ევროპული გზა და ჩვენი ევროპულობა არის ჩვენი წარსული, ჩვენი დღევანდელი დღე და ჩვენი მომავალი, ამიტომ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წარსულით, ჩვენი კულტურით, ჩვენი ტოლერანტობით, ჩვენი რწმენით და ჩვენი ეკლესიით ჩვენი გზა და ჩვენი საბოლოო გამარჯვება იქნება ევროპაში და ვიზეიმებთ იქ.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა. ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომას ეძღვნება, რომლის როტაციაც ანბანის მიხედვით ყოველ 6 თვეში ხდება. აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები ორგანიზებულად ჩამოიყვანეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

კომენტარები