ესპანეთი

ესპანეთის მოქმედი პრემიერი პედრო სანჩესი მეფისგან მთავრობის შექმნის მანდატს მიიღებს

პედრო სანჩესი
Reuters

ესპანეთის მოქმედმა პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა თქვა, რომ მეფისაგან მთავრობის შექმნის მანდატს მიიღებს და მომდევნო კვირიდან სხვა პარტიებს დაუკავშირდება, რათა მხარდაჭერა მოიპოვოს.

"ესპანელებს მობეზრდათ ბრაზი და დაპირისპირება, მათ სურთ კვლავ სჯეროდეთ პოლიტიკის. მათ კონსენსუსი და სტაბილურობა სურთ." თქვა სანჩესმა.

სოციალისტური პარტიის ლიდერი სანჩესი მოლაპარაკებების წარმოებას დასაწყისისასთვის პაბლო კასადოს კონსერვატიულ სახალხო პარტიასთან და მემარჯვენე-ცენტრისტულ მოქალაქეთა პარტიასთან (Ciudadanos) აპირებს.

მან ასევე თქვა, რომ ესპანეთის რეგიონების ლიდერებს უხმობს. მოლაპარაკებების პროცესი რამდენიმე კვირას გაგრძელდება, სანამ პარლამენტი ახალ მთავრობას კენჭს უყრის.

10 ნოემბერს გამართული არჩევნების შემდეგ სანჩესმა გამოაცხადა, რომ კოალიციურ მთავრობას ულტრა-მემარცხენე პარტიასთან "ერთად ჩვენ შეგვიძლია" (Unidas Podemos) შექმნიდა, თუმცა პარტიებმა პარლამენტში ჯამში 155 ადგილი მოიპოვეს, უმრავლესობისათვის კი 176 ადგილია საჭირო.

მათ მოლაპარაკებები დაიწყეს სეპარატისტულ პარტია კატალონიის რესპუბლიკელ მემარცხენეებთან (ERC), რომლებმაც არჩევნებში 13 ადგილი მოიპოვეს. ERC-ს ლიდერს ორიოლ ჟუნკერასს ოქტომბერში ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ამბოხებისაკენ მოწოდების და თანხების გაფლანგვის გამო 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად ამისა, პარტია კოალიციაზე მოლაპარაკებებში ჩაერთო და საკუთარი მოთხოვნებიც წამოაყენა, მათ შორის ესპანეთის და კატალონიის რეგიონულ მთავრობას შორი უპირობო დიალოგის დაწყება და ნებისმიერი გაცემული დაპირების შესრულების გარანტია. სანჩესს ERC-სთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის დეტალებზე არ უსაუბრია.

"ამომრჩევლებმა ნათლად დააფიქსირეს 10 ნოემბერს, რომ მათ სურთ მთავრობა სოციალისტებმა მართონ. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ესპანეთმა წინ უნდა გადადგას ნაბიჯი. ყველამ ჩვენი როლი უნდა შევასრულოთ." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბრის არჩევნები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მეოთხე იყო. 28 აპრილს ჩატარებულ არჩევნებში, პრემიერმინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამის გამო რამდენიმე თვეში ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.

გასულ თვეს სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ 120 ადგილი მოიპოვა, რაც წინა არჩევნების შედეგზე 3 ადგილით ნაკლებია. 23 ადგილით მეტი, ჯამში 89 ადგილი მოიპოვა კასადოს სახალხო პარტიამ. გასულ არჩევნებზე 28 ადგილით მეტი, ჯამში 52 ადგილი მოიპოვა მემარჯვენე პოპულისტურმა Vox-მა, 7 ადგილით ნაკლები, 35 ადგილი მოიპოვა Unidas Podemos-მა. ERC-მ, როგორც უკვე აღინიშნა 13 ადგილი მოიპოვა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 2 ადგილით ნაკლებია. ყველაზე მეტი კლება კი Ciudadanos-ს აქვს, მათ მხოლოდ 10 ადგილი მოიპოვეს, მაშინ, როდესაც გასულ არჩევნებში 57 ადგილი ჰქონდათ.

კომენტარები