გიგი უგულავა

გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უგულავამ ჩაიდინა ძალადობა - რა წერია ბრალდების დოკუმენტში

"არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გიგი უგულავამ ჩაიდინა ძალადობა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია," - წერია გიგი უგულავასთვის ბრალი წარდგენის დოკუმენტში, რომელიც მას სახლში დღეს 11 დეკემბერს მიუტანეს. ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ერთ-ერთი თავმდამსხმელი ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი უგულავას უჩივის.

პოლიტიკოსს ბრალი 126-ე მუხლით პირველი ნაწილით წარუდინეს, რაც პირის ცემას გულისხმობს. 

"2019 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო აეროპორტში მდებარე კაფე - "ეფეს ბიერ პორტში" გიორგი გაბაშვილთან ერთად მყოფ გიორგი უგულავას შეკამათება მოუვიდა იმავე კაფეში მყოფ დავით პარკაძესთან. ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით განაწყენებულმა გიორგი უგულავამ სცდა დავით პარკაძესთან მიახლოება, რისი საშუალებაც არ მისცა ამ უკანასკნელის მეგობარმა ბადრი გავაშელიშვილმა და წინ გადაუდგა გიორგი უგულავას. აღნიშნულის საპასუხოდ, განაწყენებულმა გიორგი უგულავამ ბადრი გავაშელიშვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი. გიორგი უგულავას ქმედებით, ბადრი გავაშელიშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი", - წერია დოკუმენტში.

 

დღეს, პოლიტიკოსებს თავს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში, გაფრენის წინ დაესხნენ. ისინი ლარნაკაზე მიფრინავდნენ. უგულავას თქმით,  ნაცნობ ქალბატონთან ერთად ყავას სვამდნენ, როდესაც თავდამსხმელები მათთან მივიდნენ და ჩხუბი წამოიწყეს. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გიგი უგულავასთან ერთად ბრალი კიდევ ერთ პირს წარედგინა, ხოლო გოკა გაბაშვილი და კიდევ ერთიერთი თავდამსხმელი დაზარალებულად ცნეს. მომხდარზე გამოძიება თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები