ევროპული საქართველო

კალაძე აეროპორტში თავდასხმაზე: არ ვიცი, იმ ადამიანებს რა ურთიერთობა ჰქონდათ უგულავასთან

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ ევროპული საქართველოს წევრებზე აეროპორტში მომხდარ თავდასხმაზე "გამოძიება ყველაფერს იტყვის". კალაძის თქმით, "ყველანაირი დაპირისპირება" და "დესტრუქციული ქმედებები" მიუღებელია.

"მე არ ვიცი, რა დაპირისპირება მოხდა, ვინ არიან ეს ადამიანები, რა ურთიერთობა ჰქონდათ საერთოდ უგულავასთან დღეს ან გუშინ, გუშინწინ, გამიჭირდება ამაზე საუბარი, დაველოდოთ, გამოძიება ყველაფერს იტყვის" - თქვა კალაძემ.

ევროპული საქართველოს ლიდერებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავს თბილისის აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, ნეიტრალურ ზონაში დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის თქმით, ის და გოკა გაბაშვილი ლარნაკაში მფრინავდნენ, სადაც "90-იან წლებში ივანიშვილის საგმირო საქმეებზე" რამდენიმე ადამიანს უნდა შეხვედროდნენ.

"საუბარია შეკვეთილ მკვლელობებზე, ფულის გათეთრებაზე და იმ მტკიცებულებებზე, რომელიც სხვადასხვა ადამიანებს აქვთ. ამას უნდა გავცნობოდით, როგორც ჩანს, ივანიშვილმა გაიგო და მოაწყვეს ეს სამასხარაო ჩხუბი. ეს კიდევ უფრო მიღრმავებს ეჭვს, რომ საბუთები, რომელიც უნდა მენახა, ღირს ნახვად, რადგან ამხელა ოპერაცია დადგეს იმისთვის, რომ არ წავსულიყავით. წყალზე ბრალდებები არ მიყვარს, თუ იქნება ვალიდური საბუთები, იმას საზოგადოება აუცილებლად ნახავს" - ამბობს უგულავა.

კომენტარები