ოლეგ სენცოვი

"ახლა მე ჯარისკაცი ვარ" - უკრაინელი რეჟისორი სენცოვი სამხედრო სამსახურში დარეგისტრირდა

Oleg Sentsov/Facebook

ცნობილი უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც ოთხი წელი პუტინის პოლიტიკური პატიმარი იყო, უკრაინის სამხედრო სამსახურში დარეგისტრირდა.

სენცოვმა ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა და თავისი სამხედრო საინდეტიფიკაციო ბარათის სურათი დაპოსტა, სადაც ვკითხულობთ, რომ ის ჯარისკაცია.

სენცოვი წერს, რომ ის ამჟამად რეზერვისტია.

მისი თქმით, სამხედრო სარეგისტრაციო ოფისები არც ისე კარგად გამოიყურება, თუმცა იქ ძალიან კარგი ადამიანები არიან - "ასეა ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც. კარგი ხალხია, თუმცა მათ არ შეუძლიათ ნორმალური სახელმწიფოს აშენება".

უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი, რომელიც რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყირიმში ტერორისტული აქტის მომზადების საქმეში სექტემბერში მოსკოვსა და კიევს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა. რუსეთის სასამართლომ სენცოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრობის პერიოდში სენცოვმა არაერთხელ მიმართა, პროტესტის უკიდურესს ფორმას შიმშილობას.

რამდენიმე დღის წინ სენცოვს ევროპარლამენტში ევროკავშირის ანდრეი სახაროვის სახელობის ადამიანთა უფლებების ჯილდო გადასცეს.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან ევროკავშირს მოუწოდა, რომ პუტინს არ ენდოს - "ყოველ ჯერზე, როდესაც პუტინთან მეგობრობის გაღრმავებაზე იფიქრებთ, გთხოვთ, გაიხსენოთ 13 000 მოკლული უკრაინელი, რუსეთის მიერ ასობით არალეგალურად დატყვევებული, რომლებსაც ახლა შესაძლოა აწამებდნენ და ყველა [ჯარისკაცი] რომლებიც ჩვენს და თქვენს თავისუფლებას იცავს!"

კომენტარები