ოლეგ სენცოვი

სენცოვი ევროპას: მე არ ვენდობი პუტინს და მოგიწოდებთ არც თქვენ ენდოთ მას, ის თქვენ მოგატყუებთ

Twitter

სექტემბერში გათავისუფლებულმა უკრაინელმა რეჟისორმა და პოლიტიკურმა პატიმარმა ოლეგ სენცოვმა, რომელიც რუსეთს 4 წელი დატყვევებული ჰყავდა, ევროპა რუსეთის საფრთხეზე გააფრთხილა - "მე არ ვენდობი პუტინს და მოგიწოდებთ, რომ არც თქვენ ენდოთ მას. რუსეთი და ბატონი პუტინი თქვენ მოგატყუებთ. მათ სურთ უკრაინა მუხლებზე დაჩოქილი იხილონ".

"ყოველ ჯერზე, როდესაც პუტინთან მეგობრობის გაღრმავებაზე იფიქრებთ, გთხოვთ, გაიხსენოთ 13 000 მოკლული უკრაინელი, რუსეთის მიერ ასობით არალეგალურად დატყვევებული, რომლებსაც ახლა შესაძლოა აწამებდნენ და ყველა [ჯარისკაცი] რომლებიც ჩვენს და თქვენს თავისუფლებას იცავს!"

ევროპარლამენტში მას ევროკავშირის ანდრეი სახაროვის სახელობის ადამიანთა უფლებების ჯილდო გადასცეს.

"ეს დიდი პატივია და ასევე დიდი პასუხისმგებლობა. მე ვიღებ ამ პრიზს, როგორც პრიზს ყველა იმ უკრაინელი პოლიტიკური პატიმრისთვის, რომლებიც რუსეთის ციხეში არიან," - თქვა სენცოვმა ევროპარლამენტში ჯილდოს მიღებისას.

ანდრეი სახაროვი საბჭოთა კავშირის დისიდენტი, ადამიანთა უფლებების აქტივისტი და ფიზიკოსი იყო. სტრასბურგში ევროპარლამენტი მისი სახელობის ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს ადამიანებს, რომლებსაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას თავიანთი სიცოცხლე მიუძღვნეს.

უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი, რომელიც რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყირიმში ტერორისტული აქტის მომზადების საქმეში სექტემბერში მოსკოვსა და კიევს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა. რუსეთის სასამართლომ სენცოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრობის პერიოდში სენცოვმა არაერთხელ მიმართა, პროტესტის უკიდურესს ფორმას შიმშილობას.

კომენტარები