გიორგი რურუას საქმე

რურუა: ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდებოდი

მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს და რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, გლდანის ციხიდან განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ პოლიტიკური პატიმარი გახდებოდა.

"ერთადერთი, რაც მაწუხებს და მინდა იცოდეთ, არის ის, რომ იარაღი რასაც მედავებიან, თვალითაც არ მინახავს, მხოლოდ ფოტოზე ვნახე წარდგენილ განჩინებაში," - წერს რურუა.

გიორგი რურუა განცხადებაში საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა და ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

"ეს პოსტი არ მინდა, შეეხოს ჩემს უკანონოდ დაკავებას. გავრილოვის პატიმრების და ჩვენი ტვირთი არის ჩვეულებრივი ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე, რასაც თითოეული თქვენგანიც გააკეთებდა. მივმართავ უუნარო მთავრობას, უფრო ყურადღებით მოეკიდოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს. ყველაფერი იღონოს, რომ დაიხსნას ტყვეობიდან სამაგალითო მოქალაქე!" - წერს რურუა.

მისი თქმით, დღევანდელი კრიზისი არის მთლიანად ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის მოტივით განპირობებული.

"გამძაფრებული ყურადღებით ვაკვირდები მოვლენებს,ყველაფერი ლოგიკურად და კარგად მიდის, მთავარია, უიმედობამ არ გვაჯობოს... განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს! ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელებთ თავგანწირული მოქალაქეების ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, გაფრინდაშვილისი და სხვების მაგალითებით!" - წერს გიორგი რურუა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა, რომელიც ბრალდებას არ აღიარებს, 18 ნოემბერს, აქციის სპეცრაზმით დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს. 

სასამართლოზე რურუამ თქვა, რომ ის 12:00-დან 13:00-მდე შუალედში დააკავეს და 18:00 საათამდე მას ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს. რურუასვე თქმით, მას ნების საწინააღმდეგოდ ჩაუტარეს ჩხრეკა და აუღეს დნმ-ის ანალიზი. 

მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად, ის დაკავშირებული იყო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან და მოძრაობას "სირცხვილია" ფინანსურ დახმარებასაც უწევდა. 

მეგობრები და ოჯახის წევრები მის დაკავებას სწორედ ამ აქციებსა და ტელეკომპანია მთავარის მეწილეობას უკავშირებენ. 

კომენტარები