ქართული ოცნება

მდინარაძე ერქვანიაზე: ბოლო რამდენიმე თვე ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის რიგებში

"სამწუხაროა მისი უმრავლესობიდან გასვლა, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის რიგებში და ფრაქციის და უმრავლესობის აპარატიც კი არ ეხმიანებოდა მას სხვადასხვა საკითხებზე. აქედან გამომდინარე, ეს იყო მოსალოდნელი", - ასე აფასებს მამუკა მდინარაძე ალექსანდრე ერქვანიას გადაწყვეტილებას უმრავლესობის დატოვების შესახებ.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე გამოაცხადა.

ერქვანიას თქმით, ქვეყანაში "სრული ქაოსია" და მიმდინარეობს ბრძოლა "ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის".

"ქრისტეს მოძულეები ცდილობენ, ქართველი ხალხი მოწყვიტონ ფესვებს, რომლითაც საზრდოობს ჩვენი ერი. ხელისუფლების დუმილმა და უმოქმედობამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ" - თქვა ერქვანიამ და ხელისუფლების მიერ ეკლესიის მხარდამჭერ განცხადებებს "წინასაარჩევნო თვალთმაქცობა" უწოდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის სატელიტები" ეკლესიას ებრძვიან და ზოგ აქციებზე ხატებიც გამოაქვთ, შეასბამისად, იმის მოთხოვნა, რომ უფრო მეტად "შეუტიო ასეთ ადამიანებ", შესაძლოა ლეგიტიმური იყოს, თუმცა, როგორც მდინარაძე განმარტავს, ისინი არ იშურებენ ძალას, რომ ეკლესიის მიმართ მათი დამოკიდებულება სწორად იყოს ტირაჟირებული.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული ტრადიციის, კულტურის, ისტორიის წინაშე ეკლესიის ღვაწლი არასდროს დაიკარგოს, ესაა ქართული იდენტობის ნაწილი, ჩვენ ამ მიმართულებით სასაყვედურო ნამდვილად არ გვაქვს", - ამბობს მდინარაძე.

კომენტარები