ქართული ოცნება

14 ნოემბრიდან დღემდე ქართული ოცნების უმრავლესობა 14-მა დეპუტატმა დატოვა

დღეს, 10 დეკემბერს ქართული ოცნებიდან წასვლის შესახებ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ განაცხადა.

ის მეთოთხმეტეა, რომელმაც 14 ნოემბრიდან დღემდე უმრავლესობა დატოვა.

ერქვანიას წასვლის შემდეგ უმრავლესობაში 92 დეპუტატი რჩება. 

უმრავლესობის რღვევა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებამ გამოიწვია. კენჭისყრის დღეს, 14 ნოემბერს პარლამენტში ქართული ოცნების 104 დეპუტატი იყო.

თუმცა, ვინაიდან უმრავლესობიდან წასულმა ორმა დეპუტატმა, სოფო ქაცარავამ და აკაკი ზოიძემ უმრავლესობასთან ერთად საპარლამენტო მანდატიც დატოვეს, მათ საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების პროპორციულ სიაში მყოფი სხვა ორი ადამიანი ჩაანაცვლებს, რომლებიც უმრავლესობის რიგებს შეუერთდებიან. 

14 და 15 ნოემბერს ქართული ოცნებიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს:

  1. თამარ ჩუგოშვილმა;
  2. თამარ ხულორდავამ;
  3. სოფიო ქაცარავამ;
  4. ირინე ფრუიძემ;
  5. გიორგი მოსიძემ;
  6. ზაზა ხუციშვილმა;
  7. დიმიტრი ცქიტიშვილმა;
  8. მარიამ ჯაშმა;
  9. გიორგი ბეგაძემ;
  10. ზვიად ძიძიგურმა;
  11. ნინო გოგუაძემ;
  12. გიგა ბუკიამ.

2 დეკემბერს უმრავლესობა დატოვა აკაკი ზოიძემ;

დღეს, 10 დეკემბერს - ალექსანდრე ერქვანიამ.

იმისთვის, რომ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ჰქონდეს, 76 დეპუტატი სჭირდება. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა 115 დეპუტატით. თუმცა, მას შემდეგ რაც 2019 წლის თებერვალში ქართული ოცნება ჯერ დავით ჭიჭინაძემ, შემდეგ კი ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება 20-21 ივნისის, გავრილოვის ღამის შემდეგ შეუწყდა. ვანო ზარდიაშვილს კი რამდენიმე დღის წინ. პარლამენტი მან საკუთარი ნებით დატოვა.

კომენტარები