არჩევნების ე.წ გერმანული მეთოდი

ლომჯარია: გერმანული მოდელის მოდიფიცირებულ ვერსიას დღის ბოლომდე გადავუგზავნით ეუთო/ოდირს

ტაბულა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ე.წ. "გერმანული მოდელის" მოდიფიცირებულ ვერსიას ეუთო/ოდირს დღის ბოლომდე გადაუგზავნის. მისი თქმით, ამ დროისთვის შემუშავებული დოკუმენტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

"დიდი ალბათობით, დღეს, დღის ბოლომდე გადაიგზავნება აღნიშნული კანონპროექტი ეუთო/ოდირში. ამ წუთებშიც, კანონპროექტი გადის გარკვეულ ტექნიკურ მოსამზადებელ სამუშაოებს, რომ გადაიგზავნოს საერთაშორისო ორგანიზაციაში. როგორც კი დავასრულებთ ტექნიკურ საკითხებს, დიდი იმედი მაქვს, რომ დღის ბოლომდე გადავაგზავნით" - თქვა ლომჯარიამ. 

ომბუდსმენი ორგანიზაციას თხოვს, ოპოზიციის მიერ მომზადებული საარჩევნო ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილოს. საარჩევნო ორგანიზაციამ უნდა შეაფასოს, ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს კონსტიტუციას "გერმანული მოდელი". 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც. 

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია. 

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები