არჩევნების ე.წ გერმანული მეთოდი

ბენიძე: გერმანული მოდელი იდეალური არ არის, მაგრამ მოქმედზე სამართლიანი და პროპორციულია

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ როგორ იმუშავებს ე.წ. "გერმანული მოდელი" იმ პირობებში როცა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია პარლამენტის წევრების მაქსიმალური რაოდენობა (150 დეპუტატი).

პირველ რიგში, "გერმანული მოდელით" ტარდება შერეული არჩევნები (მაჟორიტარულიც და პროპორციულიც), მაგრამ პარტიის მიერ მიღებული მანდატების საერთო რაოდენობას განსაზღვრავს პროპორციული არჩევნების შედეგი.

რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში ჩვენს შემთხვევაში? განვიხილოთ 3 თეორიული ვარიანტი.

ვთქვათ რომელიმე პარტიამ პროპორციულ არჩევნებში აიღო 33% და გაიმარჯვა 40 მაჟორიტარულ ოლქში. "გერმანული მოდელით" პარტიას ეკუთვნის 50 მანდატი (150-ის 33%). ამ 50 მანდატიდან 40 ერგება მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულ კანდიდატებს და დანარჩენი 10 შეივსება პროპორციული სიიდან. პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება სრულად პროპორციული ამ პარტიის მიერ ნაჩვენები შედეგისა. 

დღეს არსებული მოდელით ეს პარტია აიღებდა 40 მაჟორიტარულ მანდატს და 26 პროპორიცულ მანდატს - ანუ ჯამში 66 მანდატს. 16-ით მეტს ვიდრე ეკუთვნის პროპორციით.

ვთქვათ, რომელიმე პარტიამ აიღო 33% და გაიმარჯვა 50 მაჟორიტარულ ოლქში. "გერმანული მოდელით", პარტიას ეკუთვნის 50 მანდატი, რომელთაგან ყველა ერგება მაჟორიტარებს და ვერცერთი დამატებითი დეპუტატი ვერ გავა სიით. დაცული იქნება პროპორცია ამ პარტიის მიერ მიღებულ შედეგთან.
დღეს არსებული მოდელით ამ შემთხვევაში პარტია აიღებდა 50 + 26, ანუ 76 მანდატს - 26-ით მეტს ვიდრე ეკუთვნის პროპორციით.

ვთქვათ, რომელიმე პარტიამ აიღო 33% და გაიმარჯვა 60 მაჟორიტარულ ოლქში. წესით, პარტიას უნდა ერგოს 50 მანდატი, მაგრამ პირდაპირი წესით არჩეული ამ პარტიის მაჟორიტარები სრულად უნდა შევიდნენ პარლამენტში. შესაბამისად, პარტიას ეყოლება 60 დეპუტატი, მაგრამ ვეღარ დაიმატებს სიიდან. მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება მცირედ არაპროპორციული (10-ით მეტი, ვიდრე ეკუთვნის პოროპორციით), მაგრამ გაცილებით ნაკლებად არაპროპორციული ვიდრე დღეს არსებული მოდელით. ამ 10 მანდატით გამოწვეული დისპროპორცია აისახება იმაზე, რომ დანარჩენ პარტიებს ექნებათ ოდნავ ნაკლები წარმომადგენლობა, ვიდრე პროპორციულ არჩევნებში ნაჩვენები შედეგი.

დღეს არსებული მოდელით, ამ შემთხვევაში პარტია აიღებდა 60 + 26 მანდატს ანუ 86-ს. 36-ით მეტს ვიდრე ეკუთვნის პროპორციით და 26-ით მეტს ვიდრე მიიღებს "გერმანული მოდელის" ქართული ვერსიით.

ამასთან, მესამე მაგალითი თეორიული გამონაკლისია, რადგან თუ პარტია (50% ბარიერის პირობებში, შესაძლო ორი ტურით) იგებს მაჟორიტარული მანდატების 82%-ს (73-დან 60-ს), მაშინ რთული წარმოსადგენია, რომ მას ექნება მხოლოდ 33% მხარდაჭერა პროპორციულ არჩევნებში.

"გერმანული მოდელი" იდეალური არ არის, მაგრამ ცხადად ჩანს, რომ უფრო სამართლიანი და პროპორციულია ვიდრე საქართველოში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა.

წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, მეხეილ ბენიძე არჩევნების ე.წ გერმანული მოდელის შესახებ.

კომენტარები