ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

ლომჯარია: გვაქვს ტატუნაშვილის გამოცდილება და მომეტებული შიში გაფრინდაშვილის ჯანმრთელობაზე

ტაბულა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს. 

ლომჯარიამ არჩილ ტატუნაშვილის საქმე გაიხსენა და თქვა, რომ ამ გამოცდილების გამო, აქვს მომატებული შიშები გაფრინდაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. 

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები არასათანადო მოპყრობის ცხინვალის იზოლატორში და ასევე გვქონდა ტრაგიკული შემთხვევაც არჩილ ტატუნაშვილის სახით, რომელიც დასრულდა მისი გარდაცვალებით, გვაქვს მომატებული შიშები, თუ როგორია ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ამბობს ლომჯარია. 

უკვე 1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დატყვევებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და "ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს", თუმცა, დაკავებული ექიმის გათავისუფლებას მარიონეტული რეჟიმი ჯერჯერობით არ აპირებს.

გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და მათ უნდა მიმართონ უფრო აგრესიულ პოლიტიკას საოკუპაციო რეჟიმის მიმართ. მათი თქმით, თუ ოჯახის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ. 

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

 

კომენტარები