ქართული ოცნება

ყოფილი ელჩები: ზიანი დამდგარია - საქართველოს მცდელობა, მიეღო დემოკრატია, ვარდება

REUTERS

სამმა ყოფილმა ელჩმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სტატია The National Interest-ზე გამოაქვეყნა, სათაურით, "ზიანი დამდგარია: საქართველოს მცდელობა, მიეღო დემოკრატია, ვარდება".

8 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი, დენის კორბოი და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები, კენეთ იალოვიცი და უილიამ კორტნი, წერია, რომ "საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა დემოკრატიების ლიდერი ქვეყნის სტატუსი, გამოწვევის წინაშე დგას". 

"ხარვეზებით ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ და პოლიტიკურმა მანიპულაციებმა იდუმალი მილიარდერის მხრიდან, რომელიც მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას ხელმძღვანელობს, საზოგადოების ნდობა შელახა და მძლავრი პროტესტი გამოიწვია,"- წერია სტატიაში. 

ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ საგრძნობი დემოკრატიული პროგრესი განიცადა, რაც მრავალპარტიული არჩევნებით, სამოქალაქო საზოგადოების გამოცოცხლებითა და მედიის თავისუფლებით იყო გამოწვეული. ავტორები წერენ, რომ დემოკრატიული პროცესები ვარდების რევოლუციის შემდეგ საგრძნობლად დაჩქარდა, შემდეგ კი მოყვანილია NDI-ის ბოლო კვლევა, რომლის მიხედვითაც 60% მოქმედი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. 

"დემოკრატიული წინსვლა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გრძელდებოდა,"- წერენ ავტორები. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ მმართველი გუნდი თავისი მხარდაჭერილი კანდიდატის გასაყვანად აგრესიულ საარჩევნო კამპანიას ატარებდა და ადმინისტრაციულ რესურსებს უკანონოდ იყენებდა.

"ვიღაცებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს ხარვეზებით სავსე არჩევნები დემოკრატიული წყობიდან მცირედი გადახვევა იყო, თუმცა სავარაუდოდ, ასე არაა,"- წერენ ავტორები. 

სტატიაში ასევე აღნიშნულია 20 ივნისის მოვლენები, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. 

"სექტემბერში კი მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ნაცვლად იმისა, რომ ივნისის მოვლენების გამო პასუხისგებაში მიეცათ, პრემიერმინისტრად დააწინაურა,"- წერია სტატიაში. 

ავტორები იმ სამ მთავარ ფაქტორს გამოყოფენ, რამაც ზემოჩამოთვლილი მიზეზების გარდა, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია. მათი თქმით, პირველი ფაქტორი რუსეთიდან წამოსული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის როლია. 

"ივანიშვილმა მთავრობა დატოვა, მაგრამ ის კვლავ აკონტროლებს მოვლენებს სცენის მიღმა, რითიც ის ფორმალურ ლიდერებს უძლურად ტოვებს. მინისტრები მისი სურვილის მიხედვით მოდიან და მიდიან," - წერია სტატიაში. 

როგორც ავტორები წერენ, უკუსვლის მეორე ფაქტორი ქართული ოცნების მიერ პირობის გატეხვა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნაა. 

"მოქმედი საარჩევნო სისტემა კარგად დაფინანსებულ ქართული ოცნების კოალიციას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დაეხმარა,"- წერენ ავტორები.

სტატიის მიხედვით, დემოკრატიული უკუსვლის მესამე მიზეზი ეკონომიკური ფრუსტრაციაა.

კომენტარები