ქუთაისში "ოცნების" მხარდამჭერებმა აქციის მონაწილეებს ცოცხალი ქათმები ესროლეს

ქუთაისში, ოპოზიციის აქციაზე ქართული ოცნების მხარდამჭერებმა დემონსტრანტებს ცოცხალი ქათმები ესროლეს.

ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე ამბობს, რომ ფრინველები იქვე მდებარე 8-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოყარეს.

"ქართული ოცნების წევრებმა 8-სართულიანი კორპუსის სახურავიდან ქათმები გადმოყარეს. ასე შეხვდნენ ოპოზიციის აქციას ქუთაისში. რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს გადმოყრილი ქათმები რამე სხვაზე მეტყველებს, გარდა მათი სიველურისა. ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული, საცოდავი და სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს", - დაწერა კიკნაველიძემ ფეისბუქზე.

ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის ლიდერებს რამდენიმე პირმა კვერცხებიც ესროლა.

მოხდა მცირე დაპირისპირებაც, მანამდე კი აქციაზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სახეს მალავდნენ და დემონსტრანტების და ოპოზიციის ლიდერების მისამართით იგინებოდნენ.

ოპოზიციამ ქუთაისში ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ დაპირების შეუსრულებლობა გააპროტესტა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მოითხოვა.

კომენტარები