გომელაური: სხვის შვილებს თუ შეუძლიათ, გოგაშვილის შვილსაც აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის, სოსო გოგაშვილის შვილსაც აქვს უფლება გამოხატოს თავისი პროტესტი. ასე გამოეხმაურა გომელაური ქართული ოცნების ოფისთან ნიკა გოგაშვილის, სამოქალაქო აქტივისტების აქციის დასაშლელად მისვლას. 

"ჩემი ყოფილი მოდაგილის შვილი იყო, კიბატონო. სრულწლოვანია და ყველას აქვს უფლება. თუ შეიძლება სხვისი შვილები იდგნენ, შეიძლება მისი შვილიც იდგეს იქ და გამოხატოს მისი პროტესტი"- ამბობს ვახტანგ გომელაური. 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის, სოსო გოგაშვილის შვილი ერთერთია, ვინც მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობების "სირცხვილია" და "შეცვალე" აქციის დასაშლელად მივიდა. ნიკა გოგაშვილის თქმით, "გული შემტკივა ჩემს ქვეყანაზე" და "ეს არის ტერორისტული ორგანიზაციის გამპრავებელი ძალა, რომელსაც არ აინტერესებს ქართული ფუნდამენტური ღირებულებები და არეულობას ცდილობს". მისივე მტკიცებით, სამოქალაქო აქტივისტები თავად ცდილობენ ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 დეკემბერს, ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო მოძრაობები "სირცხვილია" და "შეცვალე" მცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების ცემას და დაკავებას აპროტესტებდნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ ყვირილით და გინებით. მმართველი გუნდის აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობის წევრებს რამდენჯერმე ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ქართული ოცნების პარტაქტივსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის კორდონი გააკეთა, "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა "შეცვალეს" და "სირცხვილიას" აქციის მიმართულებით პიროტექნიკის და სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს. შედეგად დაშავდა 5 სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის, არასრულწლოვანი.

ამის მიუხედავად, პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. პირიქით, ისინი მშვიდობიან აქტივისტებს მოუწოდებდნენ, გარიდებოდნენ აგრესიული დაჯგუფებებს და შესაბამისად, ტერიტორიას. სამართალდამცველებმა სირცხვილიას წევრებს ამისთვის ყვითელი ავტობუსიც შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

კომენტარები