მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა

ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებული სკანდალის გამო მალტის პრემიერი პოსტს ტოვებს

Reuters

მალტის პრემიერმინისტრი ჟოზეფ მუსკატი თანამდებობას ტოვებს. მიზეზი ჟურნალისტი ქალის, დაფნე კარუანა გალიციას მკველობასთან დაკავშირებული სკანდალია. ის კორუფციასთან დაკავშირებულ თემებს იძიებდა, როდესაც საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. მკვლელობა 2017 წლის ოქტომბერში მოხდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მასთან კავშირი ჰქონდა ცნობილ მალტელ ბიზნესმენს, იორგენ ფენეჩს, რომელსაც ახლო კავშირები აქვს ქვეყნის მთავრობასთან და მინისტრებთან. მან მთავრობას მკვლელობის გეგმასთან და კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ იმუნიტეტის მინიჭება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

კორუფციულ სქემებში, რომლებიც პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში და რომელსაც კარუანა გალიცია იძიებდა, ფენეჩთან ერთად ქვეყნის ყოფილი ტურიზმის მინისტრი და სხვა ყოფილი ოფიციალური პირებიც ფიგურირებენ.

კარუანა გალიცია მუსკატსა და მის მეუღლეს ოფშორულ გარიგებებში სდებდა ბრალს. გალიციას მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალტის პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის სავარაუდო კორუფციული საქმიანობის შესახებ გამოძიებაც კი დაიწყო.

მკვლელობასთან დაკავშირებით 8 ადამიანია დაკავებული. დედაქალაქ ვალეტაში გაიმართა ანტი-სამთავრობო აქციაც, რომელზეც ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი პრემიერმინისტრის გადადგომას, მკვლელობისა და კორუფციის საქმეების სათანადო გამოძიებას ითხოვენ.

მუსკატმა თქვა, რომ თანამდებობას დაუყოვნებლივ არ დატოვებს. ამის ნაცვლად, მან მმართველ ლეიბორისტულ პარტიას დაავალა მისი შემცვლელი აირჩიონ. პროცესი 12 იანვრიდან დაიწყება.

კომენტარები