20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას პროცესი 24 დეკემბრამდე გადაიდო

Nika Melia/Fb.com

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო - ბრალდების მხარემ ახალი დოკუმენტის გასაცნობად "გონივრული ვადა“ ითხოვა. საქმე ეხება ომბუდსმების წარდგენილ "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთება მის უფლებებს ლახავს. ამის საფუძველზე, დაცვის მხარე ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა, პროკურორმა განაცხადა, რომ მასალებს არ გაცნობია და ამისთვის დრო სჭირდება.

მოსამართლე შორენა გუნცაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 24 დეკემბრის 12:00 საათამდე გადადო. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეეზღუდა.

ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

კომენტარები