ნიკა მელიას საქმე

ადვოკატი: გამამტყუნებელი განაჩენი მანდატის შეწყვეტის საფუძველია, ამ საქმის მიზანი ეს იყო

ტაბულა

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატის მანდატის ვადამდე შეწყვეტის საფუძველია. მისი აზრით, საქმე სწორედ ამ მიზნით გამოიყენეს.

"სამართლებრივ შემადგენელზე თუ ვიმსჯელებთ, აბსოლუტურად გამართლებელი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან არც ერთი მტკიცებულება ნიკა მელიას ჩართულობის ამ საქმეში არ არსებობს. ჩვენი თვალთახედვით, ეს საქმე იქნა გამოყენებული მარტივი მიზნით, რომ ნიკა მელიას შეუწყდეს პარლამენტარის სტატუსი, ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენი კანონმდებლობით ითვალისწინებს პარლამენტარის სტატუსის შეწყვეტას", - თქვა კონდახაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ.

ფორმალურად, ნიკა მელია ისევ დეპუტატია. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ასევე უნდა ემსჯელა ელექტრონული მონიტორინგის (სამაჯური) შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე, თუმცა სხდომა პროკურორები მოთხოვნით 24 დეკემბრამდე გადაიდო. 

ადვოკატის განმარტებით, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს თავდაპირველად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს, შემდეგ საკითხს ბიუროზე გაიტანენ, საბოლოოდ კი პლენარულ სხდომაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება.

კომენტარები