ნიკა მელიას საქმე

"ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი 2 დეკემბერს გამოცხადდება

მთავარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განაჩენი "ქართუს გაკოტრების" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 დეკემბერს გამოცხადდება. პარტიის წევრები და მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

"ქართუს გაკოტრების" საქმეზე გამოძიება 7 წლის წინ, 2012 წელს დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე ანგარიშწორების მიზნით ბანკის გაკოტრებისთვის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი. 

როგორც ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი ტელეკომპანია პირველთან საუბარში ამბობს, "ქართუს გაკოტრების" საქმეზე განაჩენის გამოცხადება მელიას, როგორც მიღებელი პოლიტიკური ლიდერის ჩამოშორებას ემსახურება.

"ჩვენ დღეს დაგვიკავშირდნენ და გვითრეს, რომ გამოაცხადებენ განაჩენს 7 წლის წინანდელ საქმეზე. 25 ადამიანს აქვს შეწყვეტილი საქმე, რომელიც უძრავად იყო წლების განმავლობაში. 7 წლის განმავლობაში იხილავდნენ და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში გააქტიურდა. ცალსახაა, რომ აქ ადგილი აქვს აღნიშნული საქმის ინსტრუმენტად გამოყენებით ნიკა მელიას, როგორც მიუღებელი პოლიტიკური ლიდერის ჩამოშორებას ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრებიდან", — ამბობს კონდახაშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

"ვნახოთ, გარისკავს თუ არა ივანიშვილი მის დაპატიმრებას. თუ გონიერება შერჩენია, ეს არ უნდა ჩაიდინოს. ძალიან ძვირი დაუჯდება.", — წერს რომან გოცირიძე. 

პირველი პროცესი "ქართუს გაკოტრების" საქმეზე, 09:30 წუთზეა ჩანიშნული. პროკურატურის ინფორმაციით, "დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო" საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებით და საქართველოს პრეზიდენტი. მათი მტკიცებით, ქართუს ბანკის გაკოტრებით ბიძინა ივანიშვილზე ანგარიშწორება იყო. საქმეც ივანიშვილის მიერ პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის შესახებ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.  

პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროს ბანკი ქართუს გაკოტრების მიზნით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, ამ ფირმას გააჩნდა თუ არა ბანკის ვალი. აუქციონზე მყიდველის არარსებობის შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს უფლება ეძლეოდა, პირდაპირი მიყიდვის წესით გაესხვისებინა ეს ქონება. 

პროკურატურის მტკიცებით, იმისთვის, რათა ბანკი ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონს შლიდნენ. შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს პირდაპირი მიყიდვის წესით ასხვისებდა.

დღესვე, 10:00-ზე დაიწყება ნიკა მელიას საქმეზე კიდევ ერთი პროცესი. ამ შემთხვევაში დეპუტატს პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

კომენტარები