პროპორციული სისტემა

სირცხვილია ოპოზიციას: არ მისცეთ შესაძლებლობა ივანიშვილს, მოლაპარაკებები აქციოს ფარსად

ტაბულა

"ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც არ ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს" -  სამოქალაქო მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" ოპოზიციის და მმართველი გუნდის დღეს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორები ოპოზიციას მოუწოდებენ, იმოქმედონ მკაცრად განსაზღვრული მანდატით ერთადერთი შედეგის მისაღებად - პროპორციული არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით. ისინი აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან საპროტესტო აქციების ერთადერთი წარმმართველები და შესაბამისად, ვერ მიიღებენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მათი შეწყვეტის ან გაგრძელების თაობაზე. ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა სასტუმრო ბილტმორში 10:00-ზე დაიწყება და მას დიპლომატიური კორპუსი დაესწრება. შეხვედრაზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელებენ.

"სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 30 წლის განმავლობაში ითხოვდნენ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემას. 2019 წლის 24 ივნისს ეს ხანგრძლივი ბრძოლა “სირცხვილიას” ხალხმრავალი მანიფესტაციებისადმი ხელისუფლების დათმობით დაგვირგვინდა. ქვეყნის სამსახურში ჩამდგარ ხალხს ბიძინა ივანიშვილი 2020 წელს სამართლიან საარჩევნო სისტემას დაპირდა.

ბიძინა ივანიშვილის მორიგმა ტყუილმა და უკან წაღებულმა პირობამ პროტესტის ახალი ტალღა ააგორა. კამპანიამ “ერთად ერთის წინააღმდეგ” სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გააერთიანა. ორგანიზებული გამოსვლებისა და საერთაშორისო წნეხის შედეგად ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ოპონენტებს შეხვედროდა, რათა ე.წ. გერმანული მოდელის თაობაზე ემსჯელა.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც არ ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს და უთანხმოების კერები გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობაში.

თუმცა, თუ მინიმალური შანსი მაინც არსებობს, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად ბიძინა ივანიშვილი წავა დათმობაზე, შემოთავაზებული ფორმატის მიუღებლობის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს მისი ობსტრუქციის მორალური უფლება.

თავის მხრივ, მოლაპარაკებებზე წარმოდგენილმა პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ მკაცრად განსაზღვრული მანდატით ერთადერთი შედეგის მისაღებად - პროპორციული არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით და არ მისცენ შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს, მოლაპარაკებები აქციოს პოლიტიკურ ფარსად, გამოიყენოს დროის გასაყვანად და საზოგადოების კიდევ ერთხელ მოსატყუებლად.

გვინდა შეგახსენოთ, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან საპროტესტო აქციების ერთადერთი წარმმართველები და შესაბამისად, ვერ მიიღებენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მათი შეწყვეტის ან გაგრძელების თაობაზე. თუ მოლაპარაკებების პროცესი ან მისი შედეგი არ იქნება შესაბამისობაში სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინებთან, ამას მოყვება უმწვავესი რეაქცია, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.

სამოქალაქო საზოგადოება არასდროს შეურიგდება პოლიტიკურ კომპრომისებს ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე"
- ნათქვამია განცხადებაში.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 30 ნოემბერს უნდა გაიმართოს. მასზე ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე ისაუბრებენ. შეხვედრას დაესწრება დიპლომატიური კორპუსი. ევროკავშირის ელჩის თქმით, მოლაპარაკებაზე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც მივლენ.

მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, შეშფოთება არაერთმა საელჩომ გამოთქვა. ევროკავშირის ელჩის თქმით, "პროპორციულის ჩაგდება დააზიანებს ნდობას პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის". მისი აზრით, "რეალურად, ეს იყო პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი". აშშ-ის საელჩოს განცხადებით, "ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი".

ამის მიუხედავად, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბერს TV იმედის ეთერში თქვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ უცხო ქვეყნების ელჩებს "არაერთჯერ" შეხვდა, თუმცა, "კითხვა არ აქვს არავის, ვერავინ ვერ კითხულობს იმას, რომ ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ და რამე ისეთი გავაკეთეთ".

კომენტარები