ბიძინა ივანიშვილი

ირაკლი კიკნაველიძე: ივანიშვილის საბჭოთა სამშობლო

ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებული საქართველოს, როგორც სამშობლოსა და როგორც სახელმწიფოს შეპირისპირებითი „ანალიზი“, საბჭოთა აზროვნებისა და ჩვენს ქვეყანაზე საბჭოთა წარმოდგენის ტიპური მაგალითია.

ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან მოყოლებული დღემდე, მზიური საქართველოს “მოტრფიალე” რუსები გაკვირვებულები სვამენ ერთსა და იმავე კითხვას - რა აკლდათ ჩვენთან?! რატომ უნდათ, ან რაში სჭირდებათ ქართველებს რაღაც უცნაური სახელმწიფო, როდესაც საბჭოთა კავშირში თითქოსდა ყველაფერი ჰქონდათ.

საქართველოს სსრ-ს ჰყავდა კარგი ფეხბურთის გუნდი, წარმატებული და პოპულარული თეატრი, იგავური ენით მოსაუბრე კინო, ათობით სამეცნიერო ინსტიტუტი, რომლებიც საქართველოს წარსულსა და აწმყოს იკვლევდნენ. ამ ქვეყანაში „კარგს ჭამდნენ და კარგს სვამდნენ“. ვერ იგებდნენ - მაშინ, რაღა საჭიროა ეს სახელმწიფო, რომლის არც მართვა იციან ქართველებმა და არც გამოცდილება არ აქვთ?!

აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი ჩვენი არ ყოფილა. დაინგრა საბჭოთა კავშირი და ვეღარც ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს გულშემატკივრის გახარება, ვერც თეატრში შეძლო იმავე ხალხმა რამე ღირებულის შექმნა, მანამდე რომ ბევრს აოცებდა, კინოსაც თითქოს უნდა ამოესუნთქა, თუმცა გაირკვა რომ ამდენი წელი იგავური ენით ლაპარაკის შემდეგ, სხვა ენაზე ლაპარაკი დავიწყებიათ რეჟისორებს. თავისუფალ საზოგადოებაში იგავური თეატრალიზმი კი უკვე სასაცილო ანაქრონიზმად იქცა. აღმოჩნდა რომ რუსებმა ქართველებს ცეკვა, სიმღერა, წერა და ლაპარაკი კი „გვასწავლეს“, მაგრამ არ დატოვეს მთავარი - საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომლებიც ოჯახურ ურთიერთობებს ცდება და სისხლით დაუნათესავებელ ადამიანებს საერთო მიზნისთვის თანმიმდევრულ შრომას აჩვევს. აღმოჩნდა რომ კულტურული ნაციონალიზმი (ნაციონალიზმის ერთადერთი დაშვებული ფორმა საბჭოთა კავშირში) სრულიად არასაკმარისია ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დამოუკიდებელი ქვეყნები დგანან. ამ დიდი სიცარიელის შევსება ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ვერ შეძლეს, შევარდნაძისეული რესტავრაციის ხანაში კი კვლავ პარტიულმა თუ ყოფილმა საწარმოო ნომენკლატურამ დაიბრუნა ძალაუფლება, რომელსაც ამის არც სურვილი ჰქონია და შესაბამისად არც მცდელობა.

ბიძინა ივანიშვილი კი დღეს სწორედ ამ კულტურული ნაციონალიზმით დაკმაყოფილებას გვთავაზობს. მისი რწმენით ახლაც შეგვიძლია დავიბრუნოთ 70-იანი წლების „დიდება“, თუ მას დავუჯერებთ და იმაზე მეტს არ მოვინდომებთ, ვიდრე წარსულში გვქონდა. სახელმწიფოს ამბავს კი დიდი ბიძიები გადაწყვეტენ - ეგ რა ქართველების საქმეა?!

ამიტომაცაა, რომ მას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს საქართველოში რომელიმე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის შესაქმნელად ან გასაძლიერებლად, არასდროს უფიქრია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავალზე. ამ მომავლის მას თავად არ სჯერა.

ამიტომაცაა რომ ქართული ოცნება თითქმის სრულად დაემსგავსა მის წინამორბედს - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიას, განსაკუთრებით კი მის ქართულ ფრთას. 400 000 კომუნისტით ამაყი პარტია, ბოლოს გაბანკროტებულ და კომიკურ წარმონაქმნად მოკვდა, რადგან ის სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე დაიცალა ადამიანებისგან, რომელსაც საკუთარი თავი რამე ღირებულზე ჰქონდა აღზრდილი. პარტიის წევრობა კი ცხოვრების მოწყობის ნაწილად იქცა. იდეებისთვის იქ ადგილი აღარ დარჩა.

ქართული ოცნება კი ბიძინა ივანიშვილმა ასეთად ჩაიფიქრა და ასეთადაც განახორციელა. იდეებისთვის ადგილი აქ არასდროს ყოფილა. აქ ყველაფერი პირობითია და ეს პირობითობა ყველას კარგად ესმის.

ბიძინა ივანიშვილის საქართველო თამაზ ტყემალაძის იუბილეზეა წარმოდგენილი. აქ იუბილარზე მეტს მასზე, ამ ყველაფრის სპონსორზე საუბრობენ. მისი საქართველო მისივე ბავშვობის სუპერგმირები არიან - ერთ როლში ჩარჩენილი ბიუროკრატი მსახიობებითა და მოსკოვს მონატრებული ლიტერატორებით.

უბრალოდ ამას დღეს აღარავინ ჭამს. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობა მოქალაქეების დაკვეთაა და არა ელიტების მიერ თავსმოხვეული რეალობა. ამ საზოგადოებას ვეღარ დააკმაყოფილებს მოსკოველი ტაქსისტების ირონიული კომენტარი მოსკოვში, სმოლენსკის მოედანზე გავლისას - Это ваше министерство, რადგან დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულებსა, თუ გაზრდილებს საქართველოში უნდათ წარმატება და არაფრით დააკმაყოფილებთ თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოშობით ჩვენი ქვეყნიდან იქნება.

სჯობს, თავად ბიძინა ივანიშვილი დაემშვიდობოს ბავშვობის ოცნებებს კულტურაზე მოამაგე რაიკომის მდივნების შესახებ. მისი მხრიდან ეს კლონის შექმნის უსახური მცდელობაა. თან, ასეთი ასლები დიდხანს ვერ ცოცხლობენ - ჩრდილები შუადღისას ქრებიან .

კომენტარები