აქციები პარლამენტთან

დეპუტატებმა პარლამენტში მისვლა დილიდან დაიწყეს, შსს-მ გზები აღარ ჩახერგა

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში მისვლა სხდომამდე დაახლოებით სამი საათით ადრე დაიწყეს. მათი მანქანები უკვე საკანონმდებლო ორგანოს ეზოშია.

ამ დროისთვის პარლამენტის ირგვლივ ქუჩები თავისუფალია, ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს გზები ჩახერგილი არ აქვს და ტრანსპორტიც მოძრაობს.

რკინის კედელი აღმართულია მხოლოდ პარლამენტის უკანა შესასვლელთან. ქუჩა აქაც თავისუფალია, თუმცა უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლა შეზღუდულია.

პლენარული სხდომა პარლამენტში დღეს, 12:00 საათზეა დაგეგმილი. მანამდე ჩანიშნულია ორი კომიტეტის, ასევე, ბიუროს სხდომა.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის პიკეტირება დღესაც იგეგმება. აქციის მონაწილეები პარლამენტთან უკვე იკრიბებიან.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება რამდენიმე დღის წინ დააანონსეს. ადგილზე მისულებს, შესასვლელებთან მისაღწევი გზები და ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩახერგილი დახვდათ, რომელსაც ასობით სამართალდამცველი აკონტროლებდა. ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტის ეზოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს გავლით შევიდნენ, მათ ნაწილს ეზოში ოპოზიცია დახვდა. პარლამენტის შენობის მიმდებარედ რამდენჯერმე იყო ხმაური და შეხლა-შემოხლა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "მონა", "სირცხვილი" და ა.შ.

კომენტარები