აქციები პარლამენტთან

უგულავა: მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას რომ დაიწყებენ, მერე ნახეთ თქვენ არმაგედონი

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრის, გიგი უგულავას თქმით, ისინი განსაკუთრებით ემზადებიან აქციებისა და პიკეტირებისთვის იმ დღეს, როცა პარლამენტში მოსამართლეების უვადო დანიშვნას კენჭს უყრიან. 

"მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას რო დაიწყებენ აქ, მერე ნახეთ თქვენ არმაგედონი. ამისთვის განსაკუთრებით ვემზადებით. დღეს დასრულდა პიკეტირება. იხოხიალეს, იძრომიალეს და უკანა ხვრელებით შეძვრნენ პარლამენტში. სადამდე ივლიან ასე? უთავმოყვარეოები არიან? მაშინ კიდევ ერთხელ შევახსენებთ თავიანთ უთავმოყვარეობას" - ამბობს უგულავა.

მან უტიფარი უწოდა ფინანსთა მინისტრს ვანო მაჭავარიანს, გაკეთებული განცხადების გამო, რომ პროპორციულთან დაკავშირებით დაპირება არავის მიუცია. 

"აბსოლუტურად უტიფარი ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ჩვენ დაპირება არავისთვის არ მიგვიციაო. გინების და ფურთხის ღირსია ასეთი მინისტრი. ყველას გვახსოვს დაპირებაც და ისიც, როგორ ტრაბახოდა ქართული ოცნების ყველა წარმომადგენელი, რომ პროპორციულ სამართლიან არჩევნებს 30 წლის თავზე ჩვენ ვაძლევთ ხალხსო. სალომე ზურაბიშვილიც დაგვესიზმრა ალბათ, რომ ტრაბახობდა გაეროს ტრიბუნიდან" - აღნიშნა უგულავამ.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატს უნდა უყაროს კენჭი. საკანონმდებლო ორგანოში მათ რამდენიმე კვირის განმავლობაში უსმენდნენ. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები როგორც ოპოზიციისთვის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვისაც მიუღებელი იყო. ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს განსხვავებული აზრიც წარუდგინა და 10 მიზეზი დაასახელა, რომელთა გამოც პარლამენტმა კანდიდატები უზენაეს სასამართლოში უვადოდ არ უნდა დანიშნოს.

პარლამენტის პიკეტირება აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუშინ, 27 ნოემბერს დააანონსეს, დღეს დილით კი საკანონმდებლო ორგანოს შენობის ირგვლივ ყველა ქუჩა სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი დახვდათ - ქუჩები რკინის ჯებირებით არის ჩახერგილი.

პარლამენტის პიკეტირება ოპოზიციური გაერთიანების ბრძოლის ერთ-ერთი გზაა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

დასავლელი პარტნიორების, ელჩებისა და ექსპერტების მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლება დიალოგის რეჟიმზე გადავიდეს, ქართული ოცნება მოქალაქეებს სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის ენით ესაუბრება.

18 და 26 ნოემბერს პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაარბია, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ მოქალაქეს თვალი დაუზიანდა.

ჯამში, ორივე დარბევის დროს, პოლიციამ 55 მოქალაქე დააკავა. ამასთან, აქციების დროს პერმანენტულად აკავებენ მოქალაქეებს, რასაც განრიდებას უწოდებენ. Amnesty International ხელისუფლებას ამ პრაქტიკის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს და წერს, რომ ამგვარი ადმინისტრაციული დაკავევები მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს ზღუდავს.

იგივე ორგანიზაცია წერს, რომ 18 და 26 ნოემბერს წყლის ჭავლის გამოყენება ხელისუფლების მხრიდან არც პროპორციული ძალა იყო და არც - საჭირო.

კომენტარები