ქვეყნის სამსახურში

"დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ერს" - გიგა მაქარაშვილის წერილი იზოლატორიდან

Facebook/ გიგა მაქარაშვილი

18 ნოემბერს პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმის მიერ აქციის დარბევის დროს დაკავებულმა გიგა მაქარაშვილმა გორის იზოლატორიდან წერილი გამოგზავნა. წერილი სირცხვილიას ერთერთმა ორგანიზატორმა, სალომე ბარკერმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ხმამაღლა წაიკითხა:

"მოგესალმებით, თავისუფლებისთვის მებრძოლებო! 

პირველად ხდება, როცა ასეთი ძნელბედობის ჟამს თქვენ გვერდით არ ვარ. გული ხელით მიჭირავს, მაგრამ ახლა, როცა ამ სიტყვებს ისმენთ, მე ჩემს პატარა საკანში ფეხზე ვდგავარ და იმ ცას ვუყურებ, რომლის ქვეშაც თქვენ დგახართ მხარდამხარ. ასე ვიდგები გვიან ღამემდე, იმ იმედით, რომ ყველანი ერთხელ მაინც აიხედავთ ზევით და წამით მაინც შემაძლებინებთ თქვენ შორის დგომას. 

აღსასრული იგრძნო დამპალმა ოლიგარქმა და ხედავთ, როგორ აქტიურად დაიწყო რეპრესიები. მე ყველაზე მეტად მსჯის, ყველაზე დიდხანს მაყურყუტა პოლიციაშიც, დროებითი დაკავების იზოლატორშიც, სასამართლო ფოიეშიც, მის საკანშიც, მერე პოლიციის მანქანაშიც. საბოლოოდ კი, გორჩის გამამწესა. 

მაგრამ ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, იცით, რა ხდება ჩემს პატარა საკანში? 50-მდე პაკეტი დევს სასმელ-საჭმელით, 30-მდე წიგნი, ტკბილეული, სიგარეტი, რამდენიმე წყება თბილი სამოსი და ეს ყველაფერი, წარმოდგენა არ მაქვს, ვის მიერაა გამოგზავნილი საკუთარი ქალაქიდან მოშორებით. თითქოს პირი შეკრესო, მოდიან და მოაქვთ ყველაფერი, რაც შეუძლიათ. მადლობები და გამამხნევებელი ფრაზები მხვდება წიგნებზე, გაზეთებზე - ხალხისგან, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ. 

თუკი ვინმე ლიცენზირებული ადვოკატი იყო ქართლში, ყველა სათითაოდ შემოდის მოსაკითხად. აქ სამნი შემოგვიყვანეს - ბექა ბასილაია, გიორგი ბუნტური და მე. გიორგი უკვე გავიდა და დარწმუნებული ვარ, ახლა ამ სიტყვებს აქციიდან ისმენს. ბექა ტრადიციულად მხნედაა და გაუჩერებლად იძლევა რჩევებს. 

დედასავით მზრუნეველები არიან აქ ქალბატონი ექიმები. სათითაოდ ვუყვები ამბებს და ვხედავ, როგორ უდუღთ სისხლი სამ ცვლაში გადანაწილებულ თანამშრომლებს. 

ისე მოხდა, რომ თამლიანის საკანში მოვხვდი და იმავე ლოგინზე მძინავს. რუსუდან დეიდა, ნეტა ცალი თვალით დაგანახათ, როგორ მეკითხებიან თქვენი გმირი შვილის ამბებს. 

შბაათი რომ დაღამდება, 00:36-ზე გამოვალ. დახვედრაზე ნუ იწვალებთ, შემდეგი აქციისთვის შეინახეთ ძალები მტკიცედ. იდექით, გამარჯვება ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა!

დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ერს!

გიგა მაქარაშვილი

25 ნოემბერი, 2019 წელი"

კომენტარები