პრეზიდენტის შეწყალება

"ყველა საქმეზე გაივლის კონსულტაციას" - პრეზიდენტმა შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. ადმინისტრაციის ცნობით, 2021 წლის 1 იანვრამდე დაინერგება შეწყალების საქმის წარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა. მათივე განცხადებით, ახალი წესის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გამართეს სახელმწიფო უწყებებთან და ექსპერტებთან. 
 
"ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.
 
შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.
 
შეწყალების აქტი დაფუძნებულია როგორც ჰუმანიზმის პრინციპზე, ასევე სახელმწიფო ინტერესზე და ის არ არის სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი.
 
შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე  გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან.
 
შეწყალების საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის გამოქვეყნებისთანავე დაიწყება" - აცხადებს ადმინისტრაცია.

პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ მან შეწყალების ფარგლებში მკვლელობაში ბრალდებულები და პროკურატურის მიერ წლების განმავლობაში ძებნილი პირები შეიწყალა. 

პრეზიდენტის შეწყალების საქმეზე პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო. ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილი გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას არ აქვს უფლება, საზოგადოებას რამე განუმარტოს. ასევე მედიას კითხვა შეუბრუნა - "არა, რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში?", - თქვა მან.

პრეზიდენტს 2019 წლის 9 თვის განმავლობაში, შეწყალებაზე განცხადებით სულ 4468 პირმა მიმართა, საიდანაც პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება 91 მსჯავრდებულზე მიიღო. აქედან 60 - ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, მითვისებაზე, 3 მკვლელობაზე, 3 ქრთამის აღება-მიცემაზე და სხვაზე.

კომენტარები