აქციის მონაწილეები ტროტუარზე გადავიდნენ, რათა სპეცრაზმს დაშლის საბაბი არ მისცენ.
შსს დემონსტრანტებისგან სწორედ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ითხოვდა და ამისთვის მისცა მათ 30-წუთიანი ულტიმატუმი.
წინააღმდეგ შემთხვევაში სპეცრაზმის გამოყვანას დაპირდა.
ათ საათზე მეტია, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება 26 ნოემბრის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებს.
პოლიცია აქტივისტებს ტერიტორიაზე შეშის და ცეცხლის დასანთებად კასრების შეტანის უფლებას არ აძლევდა - ჩხრეკდნენ აქციის მონაწილეებს და ართმევდნენ შეშას და წალამს. გასათბობად დემონსტრანტები თამაშობდნენ და ცეკვავდნენ.
მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ მასშტაბური საპროტესტო აქციები განალხდა. 14 ნოემბრის შემდეგ, დემონსტრანტები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით ითხოვენ.
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის სხდომების ჩაშლა გასულ კვირაშიც სცადეს. მათ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და მეორე დილით დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. რამდენიმე საათში სპეცრაზმმა პიკეტი წყლის ჭავლით დაშალა, რა დროსაც, 37 ადამიანი დააკავეს. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა