მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი გუბაზ სანიკიძეს და გელბახიანს შეხვდა - "ასაკთან ერთად ბევრი რამ ჩანს სხვანაირად"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა.

საუბრის თემა უცნობია, თუმცა ექსპრეზიდენტმა გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ ძველ თანამებრძოლებსა და ოპონენტებს შეხვდა და ძალიან საინტერესო საუბრები ჰქონდა.​

"მადლობელი ვარ გუბაზისაც, ვალერისაც, ჩვენი ბიჭებისაც, რომ ჩამოვიდნენ აქ, კიევში. ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა და ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი. მართლაც, ასაკთან ერთად, დროსთან ერთად, გამოცდილებასთან ერთად ძალიან ბევრ რაღაცას გადახედავს ადამიანი და ძალიან ბევრი რამ ჩანს სხვანაირად დროის გადმოსახედიდან. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და გამარჯვებას, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, ვერაფერი ვეღარ დაუდგება წინ აბსოლუტურად. ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მანვე აღნიშნა, რომ დღეს ერთიანობის დღეა და შეკრებილებს აერთიანებთ ერთი რამ - უყვართ საქართველო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მათი ამოცანაა, რომ ახალ თაობას გაუხსნან გზა საქართველოს გადარჩენისკენ და საქართველოს მართვისკენ.

გუბაზ სანიკიძემ მოსახლეობას გიორგობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ახლა გამოსავალი მხოლოდ ერთიანობაა.

"მინდა მოგილოცოთ ყველას და მოგიწოდოთ, ვიყოთ საბრძოლო განწყობაზე, იმიტომ რომ საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს. ჩვენ სხვაგან სამშობლო არ გვაქვს, ჩვენ სამოთხეს ვერსად ვერ მოვაწყობთ, გარდა ჩვენი სამშობლოსი. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, გარკვეულწილად ჩვენს თავსაც გადავახტით და მოვერიეთ ჩვენს შინაგან მეს, ჩვენს ეგოიზმს. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა არის ჩვენი გამოსავალი, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დარაზმვა არის გამოსავალი და ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამას, იმიტომ რომ ჩვენ წესით, უნდა ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი წინაპრების", - თქვა სანიკიძემ.

ვალერი გელბახიანმა კი აღნიშნა, რომ ყველანი აცნობიერებენ სახელმწიფოში არსებულ სერიოზულ პრობლემებს და მათი საზრუნავი სწორედ ესაა.

"ერის მომავლისთვის, სახელმწიფოს მშენებლობის მომავლისთვის და ერისა და სახელმწიფოს შეკვრისთვის საჭიროა ერთიანობა, ბრძოლა", - თქვა გელბახიანმა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოს დასასრულს, შეხვედრის მონაწილეები მაგიდასთან ინაცვლებენ, სადაც ღვინოს სვამენ და საქართველოს სადღეგრძელოს ამბობენ. კადრში, მიხეილ სააკაშვილის, გუბაზ სანიკიძისა და ვალერი გელბახიანის გარდა, ჩანს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი კობა ნაყოფია და კიდევ სამი ადამიანი.

კომენტარები